დღეს, 25 სექტემბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დეპუტატები რიგით მესამე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შოთა გეწაძეს უსვამდნენ შეკითხვებს. მასთან კითხვები ჰქონდათ როგორც მმართველი გუნდის, ასევე დამოუკიდებელ დეპუტატებსა და „ევროპული საქართველოს“ წევრებს.
გასაუბრების პროცესისას, პარლამენტარმა ბექა ნაცვლიშვილმა შოთა გეწაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა. ერთ-ერთი, 2012 წლის შემდეგ სასამართლოში მიმდინარე პროცესებში ლევან მურუსიძის როლს შეეხებოდა. ამ კითხვაზე გეწაძემ უპასუხა, რომ სიტყვა ლიდერი მურუსიძესთან მიმართებით არ მოსწონს.
ნაცვლიშვილს ასევე აინტერესებდა გეწაძის აზრი, იყო თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა ავტორიტარული.
როგორც ბექა ნაცვლიშვილი „ლიბერალთან“ ამბობს, მან ამ კითხვაზე ორაზროვანი პასუხი მიიღო.
„გეწაძეს ვკითხე როგორი იყო სააკაშვილის მმართველობა. იყო ეს დემოკრატიული თუ ავტორიტარული. მან კი მიპასუხა, რომ ეს შერეული ტიპის მმართველობა იყო. აბა ასეთ კითხვაზე რა უნდა ვთქვა? ანუ გამოდის, რომ ისიც ამ მმართველობის მონაწილე იყო. სასამართლო სისტემა იყო ზუსტად ის ინსტიტუტი, რომელსაც სააკაშვილი ამ მმართველობისთვის იყენებდა. ასევე უცნაური პასუხები აქვს, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. ამბობს, რომ მურუსიძეზე სიტყვა ლიდერი არ მოსწონს. პირდაპირ ამ ადამიანს ვერ აკრიტიკებს. გეწაძესთან დაკავშირებით მეეჭვება, რომ მას „ოცნებამ“ მხარი დაუჭიროს. ეს ადამიანია ზუსტად ივანიშვილის მოქალაქეობის შეჩერებასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი.
ასევე მეეჭვება მოსამართლე ალანია, რომ გავიდეს. მის მიმართ ვიცით, რომ დეპუტატ კობა კობალაძეს ყველაზე კრიტიკული დამოკიდებულება აქვს. მუხროვანის ამბოხი იყო სწორედ ყველაზე მძიმე საქმე, რომელიც ამ ქალბატონის მოსამართლედ მოღვაწეობის პერიოდში იძებნება. არ ვიცი ზოგადად სია ჩავარდება თუ არა, მაგრამ ძალიან რთული სიტუაცია, რომ გვაქვს, უკვე სამი მოსამართლის გამოკითხვიდანაც კარგად გამოჩნდა“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.
შოთა გეწაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. სხვადასხვა დროს მუშაობდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში, იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. 2011-2017 წლებში გეწაძე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც.