გუშინ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა ტრიბუნიდან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა. მისი აზრით, ქვეყანაში პოლარიზაცია და ურთიერთდაპირისპირება დემოკრატიისა და მშვიდობისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა.
ზურაბიშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის მნიშვნელობაზე და ფარმაცევტულ პროდუქციაზე ფასების ზრდის პრობლემებზეც ისაუბრა. თავის სიტყვაში მან ხაზი გაუსვა ჟენევის ფორმატის მნიშვნელობასაც და ქვეყანაში არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებაზეც გააკეთა აქცენტი.
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას საქართველოში შეფასებები უკვე მოჰყვა. ზურაბიშვილს პოლიტიკოსების და ანალიტიკოსების დიდმა ნაწილმა გამოსვლა დაუწუნა. მათი შეფასებით, პრეზიდენტს სიტყვაში პრინციპულობა და კრიტიკულობა აკლდა.
ანალიტიკოსი ვანო მაჭავარიანი „ლიბერალთან“ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ძალიან არაკონკრეტული და სუსტი იყო, და ის ქვეყნის პარტნიორებს არაფერს სთავაზობდა. მისი აზრით, ეს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და იქ არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ მმართველი გუნდი საუბრობდა.
„საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას სიმწვავე და პრინციპულობა აკლდა. საქართველოს პრობლემატიკიდან გამომდინარე, მან ფაქტობრივად, არც არაფერზე ისაუბრა. პრეზიდენტმა მინიმუმ ის მაინც უნდა მოახერხო, რომ შენს გამოსვლას რუსეთის დელეგაციამ მთქნარებით არ უსმინოს. გამოსვლას აკლდა სიმწვავე, პრინციპულობა და იმ კონკრეტული საკითხების დღის წესრიგში დაყენება, რომელზეც საქართველოს დიპლომატიამ უნდა იმუშაოს მომდევნო წლების განმავლობაში“,- აცხადებს მაჭავარიანი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის თქმით კი სალომე ზურაბიშვილმა რუსეთი მხოლოდ ტურისტებთან მიმართებაში ახსენა. მან ახსენა ოკუპაცია, მაგრამ არ ახსენა ოკუპანტი. დეპუტატი ფიქრობს, რომ ეს იყო სრულიად კაპიტულანტური გამოსვლა და მორჩილი, გაუბედავი საუბრები.
„შევადაროთ რა თქვა ზელენსკიმ, რომელიც ტრიბუნაზე ტყვიით გამოვიდა. აჩვენებდა ყველას, რომ რუსეთი მკვლელია. ჩვენი პრეზიდენტი კი ციყვისა და მტრედის სიმბოლოთი გამოვიდა, რაღაც ფლორა და ფაუნაზე ილაპარაკა 28 წუთიდან 25 წუთი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს დიდი ტრიბუნა ვერ იქნა და არც იქნება გამოყენებული ამ ხელისუფლების პირობებში. ეს არის „ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პრეზიდენტის გამოსვლამ დადებითი შეფასებებიც მიიღო. საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „ლიბერალთან“ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ყველა იმ პრობლემაზე რაც ქვეყანაში არსებობს. მენაღარიშვილის თქმით, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ოკუპაციაზეც, თუმცა ეს უფრო მკაცრი ტონით უნდა ყოფილიყო ნათქვამი თუ არა, უკვე პოლიტიკური გემოვნების საკითხია.
„მე, სიმართლე რომ გითხრათ, საკმაოდ კმაყოფილი ვარ და ვერ ვიგებ სხვა რა უნდა ესაუბრა. რაც შეეძლო და რაზეც მნიშვნელოვანი იყო ყურადღების გამახვილება, ისაუბრა. ახსენა ოკუპაციაც და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებიც. ამიტომ დანარჩენი კრიტიკა, რაც პოლიტიკოსების მხრიდან ისმის უკვე პოლიტიკური გემოვნების საკითხია. არავის დამცველად არ გამოვდივარ, მაგრამ დიპლომატიური თვალსაზრისით, საკმაოდ სწორი აქცენტები გააკეთა. დანარჩენი ახლა, უფრო ხმამაღლა უნდა ეყვირა თუ უფრო მკაცრად უნდა გაეკრიტიკებინა პუტინი, უკვე სხვა მსჯელობის საკითხია“, - აცხადებს მენაღარიშვილი.