„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ბოკერიას თქმით, სააკაშვილი მალე თავს მისი 9 წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს.
„მე რაც შემიძლია ერთადერთი ვთქვა, არის ის, რომ მალე ალბათ ჩემი 9 წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს. ისე ხუმრობის გარეშე, ნამდვილად ასეა „ვარდების რევოლუციის“ როგორც დიდი მიღწევების, ისე მძიმე ჩავარდნების მემკვიდრე დღეს არის „ევროპული საქართველო“, ჩემი პოლიტიკური გუნდი, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და არა სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ბოკერიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გაკეთებულ განცხადებებზე „ევროპულ საქართველო“ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრებს.
შეგახსენებთ, გუშინ, 29 სექტემბერს, „მთავარი არხის" ეთერში მიხეილ სააკაშვილმა გიგა ბოკერიაზე ისაუბრა.
„რაც შეეხება ბატონ ბოკერიას, აქ არ არის პიროვნული განსხვავებები, აქ არის ფუნდამენტური განსხვავებები. მე, ჩემი შეხედულებებით და მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და ვინც რა არ უნდა თქვას, ვატარებ ჯვარს. ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული ქართული ქრისტიანული ფასეულობებიდან. ბოკერია არის ყველაფერი რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული", - განაცხადა სააკაშვილმა.