დღეიდან ძალაში შევიდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც თბილისში A კატეგორიის ტაქსის მანქანები თეთრი ფერის უნდა იყოს. ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. ასევე, ლიცენზიის გარეშე ტაქსით მომსახურების განხორციელება 200 ლარით ჯარიმდება.
გირჩის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ გადაწყვიტა გაერკვია როგორ მუშაობს ახალი რეგულაციები და თბილისის ქუჩებში „ფერადი ტაქსით" გადაადგილდა.
„ჩემი მანქანა არ არის თეთრი. ჩემი მანქანა ძალიან შორსაა თეთრიდან, მუქი ნაცრისფერია. მაინტერესებს როგორ მუშაობს ეს რეგულაცია, ტაქსის ტრაფარეტი მიდგას და ვეცდები რომ ვიღაცეები ჩავისვა და ტაქსით მომსახურება გავუწიო. მაინტერესებს, ვინ ახდენს ამის ადმინისტრირებას. პატრულმა უნდა გამაჩეროს და დამაჯარიმოს, თუ ზედამხედველობის სამსახური გამაჩერებს”, - ამბობს ჯაფარიძე „ფეისბუქ" ლაივში.
„ფეისბუქ" ლაივში ჩანს, რომ პატრული ჯაფარიძეს აჩერებს და ლიცენზიის არ არსებობისა და „ფერადი ტაქსით" მომსახურების გაწევის გამო მას 200 ლარით აჯარიმებს.
როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ჯარიმასთან ერთად ტაქსის ტრაფარეტის დადგმის გამო მართვის მოწმობაზე 20 ქულაც დააკლეს. „ჯარიმა გავიგე და ტაქსის ტრაფარეტის დადგმის გამო მართვის მოწმობაზე 20 ქულა რატომ უნდა გაკლდებოდეს? საგზაო მოძრაობის წესი დავარღვიე?".