84 წლის ასაკში კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა.
გია ყანჩელი 1935 წელს დაიბადა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ, იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
კომპოზიტორმა ათობით ფილმისთვის დაწერა მუსიკა, რომელთა დიდი ნაწილიც კლასიკად იქცა.
გია ყანჩელის შემოქმედებას განეკუთვნება: ოპერა „და არს მუსიკა“ (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ - ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა.