„ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მარტო დიდი ჯიპების ქალაქი. თბილისი აუცილებლად იქნება ფეხითმოსიარულეების ქალაქი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ტაქსის რეფორმა, ასევე, ზონალურ-საათობრივი პარკირების შემოღება მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაძლოა, პოპულარული ნაბიჯები არ იყოს, მაგრამ ამ რეფორმების განხორციელება დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და იგი საზოგადოების დაკვეთაა.
„ძალიან ხშირად ჩვენ სხვადასხვა ადამიანების მხრიდან ვისმენთ წუხილს, რომ სააკაძის მოედნის მიმდებარედ არსებული ველობილიკებით არავინ სარგებლობს, ავტომობილს კი ვეღარ აჩერებენ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მარტო დიდი ჯიპების ქალაქი. თბილისი აუცილებლად იქნება ფეხითმოსიარულეების ქალაქი და აუცილებლად იქნება ველობილიკები. რა თქმა უნდა, ავტომობილებისთვისაც იქნება შესაძლებელი გადაადგილება, მაგრამ პრიორიტეტი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ პროექტებს ვახორციელებთ საერთაშორისო ქვეყნების მაგალითზე. მესმის, რომ გარკვეული დისკომფორტია, მაგრამ სხვაგავარად შეუძლებელია. სხვაგვარად საქმე არ კეთდება", - განაცხადა კალაძემ.