
„გირჩი" უმუშევრად დარჩენილ ტაქსისტებს "შმაქსაობას" სთავაზობს. პოლიტიკურმა პარტიამ წიწამურში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას ახლად დაფუძნებული კომპანია „შმაქსის“ პრეზენტაცია გამართა.
„დღეს გვინდა დავაანონსოთ ახალი და საკმაოდ ინოვაციური, თავისი არსით საკმაოდ მასშტაბური პროექტი, რომლის მიზანიც, ქართულ საზოგადოებაში საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გავრცელებაა", - აცხადებს „გირჩის ლიდერი" ზურა ჯაფარიძე.
ჯაფარიძის თქმით, ასე „გირჩი“ თბილისის მერიის ახალი რეგულაციების შედეგად უმუშევრად დარჩენილ ტაქსის მძღოლებს დაასაქმებს.
„კომპანიის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო საქმიანობა იქნება. ის დაიქირავებს მასწავლებლებს რომლებიც თბილისში, საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ. იმ მგზავრებს კი, ვისაც გირჩის, საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გაცნობის სურვილი ექნებათ „შმაქსის“ მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ".
როგორც ჯაფარიძე აცხადებს, კომპანიის „შმაქსის" მიერ დაქირავებული მასწავლებლები, იგივე „შმაქსისტები", მგზავრებს სწორედ თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე დაელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში გირჩის მიერ მიწოდებული აუდიო/ვიდეო მასალის ჩართვაც შეეძლებათ.
ანაზღაურება მოხდება არა გავლილი მანძილის, არამედ მოსმენილი საგანმანათლებლო მასალის ხანგძლივობის შესაბამისად.