გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს, რუსეთის ფედერაცია საქართველოს მომავალს ვერ განსაზღვრავს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, საქართველო მაინც რჩება თავისი მომავლის შექმნის პროცესში ოპტიმისტურად და თავდაჯერებულად, იმ ვალებულებების ერთგული, რომელიც აღებული აქვს საქართველოს მოქალაქეებისა და პარტნიორების წინაშე.
„როგორც ხდება რეალურ ცხოვრებაში, არის ცუდი ამბებიც და ეს ცუდი ამბავია, რომ დღემდე რჩება ჩვენთვის გამოწვევად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია. ეს არ არის გაყინული კონფლიქტი, ეს არ არის პრობლემა, რომელიც უკვე მოხდა, ეს არის გამოწვევა, რომელიც დღესაც არსებობს, რომელიც თავისი უარესი სახით გრძელდება დღემდე. ეს გულისხმობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, ჩვენი მოქალაქეების გატაცების შემთხვევებს, გულისხმობს სხვადასხვა საფრთხეებს, რაც მომდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
მიუხედავად ამ გამოწვევებისა, რომელიც საკმაოდ დიდ ენერგიას, დიდ ყურადღებას მოითხოვს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ყოველდღიურად, საქართველო მაინც რჩება თავისი მომავლის შექმნის პროცესში ოპტიმისტურად და თავდაჯერებულად, იმ ვალებულებების ერთგული, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისა და პარტნიორების წინაშე. გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს, რუსეთის ფედერაცია საქართველოს მომავალს ვერ განსაზღვრავს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, დასავლეთთან ერთად საქართველო ქმნის თავის მომავალს და მომენტს, როდესაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი მშვიდობიანი, დემოკრატიის გაძლიერების უფრო ძლიერი ეკონომიკის შექმნის და პასუხისმგებლიანი საერთაშორისო საგარეო პოლიტიკის წარმოების გზით“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.