თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელსაც მისი ბიუროს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაიწყო.
თამთა თოდაძის განცხადების საფუძველზე, ქართული ოცნების დეპუტატის მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სამი მუხლით, რომელიც ძალადობას, სექსუალური ხასიათის ქმედებას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
როგორც „ლიბერალს“ შსს-ში აცნობეს, ილია ჯიშკარიანი გამომძიებლებმა უკვე გამოკითხა, თუმცა ბრალის წარდგენის საკითხი ამ დრომდე არ გადაწყვეტილა. თავად დეპუტატი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით ილია ჯიშკარიანი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
ძალადობის ფაქტს ადასტურებს თოდაძის დედა. გარდა ამისა საქმეში მოიპოვება, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ნაცემი ქალის დაზიანებებია დაფიქსირებული.
სავარაუდო მსხვერპლის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ იცავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბაია პატარაია დეპუტატის დაკავებას მოითხოვს. ილია ჯიშკარიანი, რომ ამ დრომდე არ დაუკავებიათ, იგი ამ პოლიტიკოსის გავლენით ხსნის.
ქართული ოცნების დეპუტატის, ისნის ბიუროს თანამშრომელმა თამთა თოდაძემ ილია ჯიშკარიანის მხრიდან ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობის შესახებ საჯაროდ გუშინ „მთავარ არხთან“ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, შემთხვევა ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე „ქართული ოცნების“ ოფისში მოხდა: "ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გადაწყვიტა, რომ შეეძლო ჩემთან დაემყარებინა აქტი და ჩამეხუტა, კისერში დამიწყო კოცნა, მოწი ტუჩებიო და ფეხებს შუა რომ გიცურებს ხელებს... უცებ დავინახე გვერდით ჩემი ტელეფონი, ვიღებ მეთქი ბატონო ილია... დამაგდო ძირს, ტელეფონი დამიფშვნა. როგორი გამოვიქეცი სახლში, არ მახსოვს, ისეთ ისტერიკაში ვიყავი, საკუთარი ხელით გამოვიძახე სასწრაფო, ფსიქოლოგიც კი დამინიშნეს. მე მე არ ვარ... არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო, ძალიან ცუდად ვარ", — ყვება ის.