„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა შესაძლოა დეპუტატის მანდატი დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს. თუმცა ზარდიაშვილი მათთან საუბარში აღნიშნულს უარყოფს და ამბობს, რომ „ამ ეტაპზე არაფერი მაგდაგვარი არ ხდება, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ”.
„ლიბერალი“ ზარდიაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა დეპუტატი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
ინფორმაციის გადამოწმება უმრავლესობის ლიდერთან, გია ვოლსკისთავ ვცადეთ. დეპუტატი აცხადებს, რომ ამის შესახებ მედიით შეიტყო და დღეს აპირებს ვანო ზარდიაშვილს ესაუბროს. მასთან კომუნიკაციის შემდეგ კი უფრო კონკრეტულ განცხადებას გააკეთებს.
„იყო ამაზე საუბარი, თუმცა ბოლო ინფორმაცია არა მაქვს. რაღაცეებს ჩამოვრჩი და ჯერჯერობით არ მომიკითხია. დღეს უფრო ზუსტად დავადგენ და მეცოდინება რეალურად რა ხდება. გავიგებ ზარდიაშვილი თავად რას აპირებს. ისე ადამიანურად არასწორად მიმაჩნია, რომ სანამ მისგან ამ გადაწყვეტილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არა გვაქვს, ჩვენი პროგნოზები დავაჩქაროთ. მითუმეტეს ამის შესახებ ყოველთვის უმრავლესობის ლიდერს ეკითხებიან ხოლმე. ახლა უახლოეს საათებში გავარკვევ ყველაფერს", - აცხადებს გია ვოლსკი.
„ლიბერალის“ კითხვაზე, უნდა დატოვოს თუ არა ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი, გია ვოლსკი პასუხობს: „როცა ადამიანი პოლიტიკაში ხარ, გარკვეული წესები, მოვალეობები და ვალდებულებები გაქვს. თუმცა ამის იქით კიდევ ცხოვრების სხვა ასპექტებიც არსებობს, რომელსაც პირადი გრძონობები და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქვია. რაც პირადია და არა საზოგადოებრივი. ასე, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო ფაქიზი მოპყრობა გვმართებს. არ ვაპირებ, რომ ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილების ფორმირებაში ჩავერიო“, - აცხადებს ვოლსკი.
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ამაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, რადგანაც ჯერჯერობით ეს ინფორმაცია დადასატურებული არ არის.
„ზარდიაშვილის მანდატის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაცია მეც მედიით შევიტყვე. სხვა დამატებით არაფერი ვიცი. დაველოდოთ რა მოხდება, არ მინდა, რომ მოვლენებს წინასწარ გავუსწრო. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბრებ“, - განაცხადა ბესელიამ „ლიბერალთან“.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტი გედევან ფოფხაძის განცხადებას მოჰყვა, როდესაც მან ვანო ზარდიშვილს უთხრა, რომ მისი პოზიცია და მორალი უკვე გარკვეულია. რის შემდეგაც ვანო ზარდიაშვილმა გედევან ფოფხაძე მიმართა: „რა მორალზე ლაპარაკობ, ბესელიას მორალი მოიკითხე შენ“. სწორედ ზარდიაშვილის ამ რეპლიკას მოჰყვა ეკა ბესელიას გაღიზიანება.