პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ვანო ზარდიაშვილის შესაძლო, დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. თალკვაძის თქმით, ზარდიაშვილმა არა ერთხელ განაცხადა, რომ დეპუტატობა მისთვის თვითმიზანი არ არის, რომლისთვისაც „ოცნების“ გუნდი მუშაობს.
„ჩვენი გუნდის წევრებისთვსი დეპუტატობა ეს არის საშუალება, რომ რამე საქმე გავაკეთოთ. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოთაჟი და ხმაური როგორც მისთვის, ასევე ჩვენთვისაც მიუღებელია. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მე მასთან საუბარი მქონდა, ვიცი ზარდიაშვილის გადაწყვეტილება, ჩვენს თვითოეულ თანაგუნდელს რა გეგმებიც აქვს, ამაზე ინფორმირებული ვარ. სამომავლოდ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და ცოტახანში უფრო მეტი გეცოდინებათ. უფრო უპრიანია, რომ ამასთან დაკავშირებით, თავად ბატონმა ზარდიაშვილმა ისაუბროს. მაქვს ინფორმაცია და მქონდაა ზარდიაშვილთან საუბარი არა ერთხელ. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და უახლოეს მომავალში გავიგებთ ყველაფერს“, - აცხადებს თალაკვაძე.
ჟურნალისტების კითხვაზე ვანო ზარდიაშვილის წასვლა მისი პირადი გადაწყვეტილებაა თუ გუნდის, თალაკვაძე ამბობს, რომ ამ კითხვებზე ყველას პასუხს მოგვიანებით გასცემს.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატის დატოვებას აპირებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მას დაარტყა.
ინციდენტი გედევან ფოფხაძის განცხადებას მოჰყვა, როდესაც მან ვანო ზარდიშვილს უთხრა, რომ მისი პოზიცია და მორალი უკვე გარკვეულია. რის შემდეგაც ვანო ზარდიაშვილმა გედევან ფოფხაძე მიმართა: „რა მორალზე ლაპარაკობ, ბესელიას მორალი მოიკითხე შენ“. სწორედ ზარდიაშვილის ამ რეპლიკას მოჰყვა ეკა ბესელიას გაღიზიანება.