Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეპუტატის მხრიდან სავარაუდო სექსუალურ ძალადობის მსხვერპლი პროკურატურასთან აქციას გამართავს

07 ოქტომბერი, 2019 14:02

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ბიუროს თანამშრომელი, თამთა თოდაძე, რომელიც ყოფილ ხელმძღვანელს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ამხელს, საპროტესტო აქციას აანონსებს და მხარდამჭერებს დღეს, 19:00 საათზე, მთავარ პროკურატურასთან შეკრებას სთხოვს. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ოფისში მომხდარი შემთხვევიდან ერთი კვირის თავზე იგი კვლავ დაზარალებულად ცნობას და ილია ჯიშკარიანისთვის ბრალის წარდგენას ითხოვს.

„არ დავტოვებთ კომფორტის ზონაში შალვა თადუმაძეს და მის უწყებას და გავაგონებთ ბევრი ქალის ხმას, რომ არ შევეგუებით ამ საქმის გამოუძიებლობას. მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს!“ - აცხადებს ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.

მისი განცხადებით, საქმეში მოიპოვება საკმარისზე მეტი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ დეპუტატს ბრალი წაუყენონ.

„პოლიციამ და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საკუთარი თვალით ნახეს თამთას სხეულზე ფიზიკური დაზიანებების კვალი. მართალია ჯიშკარიანი შეეცადა დანაშაულის კვალის დაფარვას, მაგრამ ცხრა საათის დაგვიანებით პირობებშიც, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მაინც აღმოჩნდა ძალადობის მამხილებელი  მტკიცებულებები, მათ შორის დამტვრეული მონიტორი და პრინტერი. ვერ ახსნის ილია ჯიშკარიანი, რატომ მიაყენა თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა, რადგან არ უნდა აღიაროს, რომ ეს იყო გაუპატიურების მცდელობა" - აცხადებს ბაია პატარაია

„საფარის“ ხელმძღვანელი ​ფიქრობს, რომ ილია ჯიშკარიანის მხარე თამთა თოდაძის წინააღმდეგ სავარაუდოდ გამოიყენებს წარსულში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ქუჩაში შეკამათების დროს, თამთას, მისმა ნაცნობმა ჯუბა მახარაძემ ხელი დაარტყა. „ვინაიდან ეს იყო მცირე კამათი, რასაც სერიოზული ფიზიკური დაზიანება არ მოჰყოლია, თამთამ მიიჩნია, რომ არ იყო საჭირო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნა. წარსული ინციდენტი დაადასტურა თავად თამთა თოდაძემაც: „ეს იყო სხვა ქეისი და სხვა სიტუაცია და ამას არანაირი კავშირი აქ აქვს ბიუროში მომხდარ ფაქტთან. შეუძლია გამოძიებას გამოიკვლიოს ეს ფაქტი, მე პრობლემა არ მაქვს", განაცხადა თამთა თოდაძემ.

თოდაძე ადასტურებს, რომ ჯიშკარიანის მხრიდან, შუამავლის მეშვეობით მის დედასთან იყო მოლაპარაკების მცდელობა, რათა არ გახმაურებულიყო ეს ამბავი და მიღწეულიყო შეთანხმება, რაზეც დედამისისგან კატეგორიული უარი მიიღეს.

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია პირველივე სხდომაზე ილია ჯიშკარიანისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს და ამ ინიციატივის მხარდაჭერისკენ უმრავლესობის წევრებსაც მოუწოდებს.

„ნაციონალური  მოძრაობის“ წევრის ლილე ლიპარტელიანის განცხადებით, ამასთან შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს ეს საქმე. მით უმეტეს, როცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ილია ჯიშკარიანის შვილი და რძალი სუსის მაღალჩინოსნები არიან და მფარველობას უწევენ მას.

„წლების განმავლობაში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის კამპანიისთვის დაიხარჯა უამრავი რესურსი, დიდი თანხები მოხმარდა ამ მიმართულებით თანამშრომელთა გადამზადებას, დამზადდა ვიდეოკლიპები: „არა ძალადობას“, „ქალთა ძალადობა ისჯება“, ვისზე არ ვრცელდება ეს? ქართული ოცნების“? , რატომ გაუჩინეთ მოქალაქეებს განცდა, თუ არავინაა უნდა გადაუარონ?" - აცხადებს ლიპარტელიანი.

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საკრებულოს დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში მანდატი არ უნდა დატოვოს, თუმცა თუკი დანაშაული დამტკიცდება, პასუხი უნდა აგოს.

„მე მგონია, რომ გამოძიების მიმდინარეობისას არ უნდა დატოვოს მანდატი, რადგან ეს შეიძლება არის არასწორი ინფორმაცია. თუ მას ასეთი რამ აქვს ჩადენილი, რაც ჩემთვის, როგორც კაცისთვის, ადამიანისთვის, ქალაქის მერისთვის არის ძალიან მძიმე, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება. შესაბამისი უწყებები იმოქმედებენ ისე, როგორც კანონს შეეფერება", - განაცხადა კახა კალაძემ.

ილია ჯიშკარიანი მკურნალობას ამ დრომდე კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში" აგრძელებს და ბრალდებებთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებია. კლინიკის პერსონალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით ცნობებს, მისი სურვილიდან გამომდინარე, არ ასაჯაროებს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემელაძის ინფორმაციით, მას ჰქონდა კომუნიკაცია ილია ჯიშკარიანთან, რომელიც ამ ბრალდებებს არ აღიარებს. იგი დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავები საქმეს ობიექტურად გამოიძიებენ კოლეგის შესახებ შეფასებებს მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებენ.  

საკრებულოს დეპუტატის მიერ თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობის თაობაზე მიმდინარე გამოძიებას დააკვირდება საქართველოს სახალხო დამცველიც.

„საკითხის სიმძიმიდან და მგრძნობელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას ეფექტურად წარიმართოს გამოძიება, მათ შორის, დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო თუ სხვა საპროცესო მოქმედება. ამასთან, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ყველა ეჭვი საქმის მიკერძოებით თუ პოლიტიკური ინტერესით განხილვის მიმართულებით და საგამოძიებო ორგანომ აქტიურად ითანამშრომლოს სავარაუდო მსხვერპლთან და მის წარმომადგენელთან..

მნიშვნელოვანია საზოგადოებას ახსოვდეს, რომ საქართველოში არაერთი ქალი განიცდის ძალადობას, შევიწროებას და ჩაგვრას. მსხვერპლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა, რათა შეძლონ ძალადობრივ გამოცდილებაზე ხმამაღლა საუბარი და საკუთარი უფლებების დაცვა. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული შემთხვევის განხილვისას საზოგადოების გარკვეული ნაწილი ნაკლებად იყო სოლიდარული სავარაუდო მსხვერპლის მიმართ, ადანაშაულებდა მას და ავრცელებდა მისი პატივის და ღირსების შემლახველ ინფორმაციას, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^