უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებას დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ეხმაურება. ჟურნალისტებთან საუბრისას ბესელია აღნიშნავს, რომ ვანო ზარდიაშვილი პარლამენტიდან საკუთარი სურვილით არ წასულა.
ბესელიას თქმით, ზარდიაშვილი გაუშვეს და როგორც კობახიძის შემთხვევაში, ახლაც ივანიშვილმა გადაწყვეტილების მიღება დააგვიანა და ზარდიაშვილმა „ქართულ ოცნებას“ ისეთი ზიანი მიაყენა, რომლის რეაბილიტირებაც შეუძლებელი იქნება.
„ოცნება“ სამწუხაროდ რეგირებას ყოველთვის აგვიანებს. ივანიშვილს ადრევე ვეუბნებოდი, რომ ზარდიაშვილი და მისი მსგავსი ადამიანები ააფეთქებდნენ და დაანგრევდნენ არა მარტო პარტიას, არამედ პარლამენტსაც, მაშინვე რომ დაეჯერებინა ამ შედეგამდე აღარ მივდოდა. ბევრად უფრო ნაკლებ ზიანს მიიღებდა. როგორც კობახიძის შემთხვევაში ვეუბნებოდი და სამწუხაროდ, სანამ ფაქტი არ დადგა, იქამდე არ შეიგონეს.
ზარდიაშვილი თავისით არსად წასულა. ეს არის ადამიანი, რომელსაც არა აქვს ღირსება და არ შეუძლია უარი თქვას რამეზე, რაც მისთვის კომფორტულია. მას მანდატი დაატოვებინეს. ეს გადაწყვეტილება მიაღებინეს. რას დაწერს ზარდიაშვილი განცხადებაში, არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ ეს სხვისი დაწერილი ტექსტია“, - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა. მანამდე კი ამის შესახებ ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გაავრცელა.
ამ ყველაფერს კი წინ ეკა ბესელიას და ვანო ზარდიაშვილს შორის დაწყებული დაპირისპირება უძღოდა, სადაც ბესელიამ ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მის მიმართ გამოთქმული რეპლიკის გამო მიაყენა.