
უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის მიერ მანდატის დატოვებას მისი თანაგუნდელი მამუკა მდინარაძე ეხმაურება. დეპუტატი ამბობს, რომ ზარდიაშვილს ათასი ტყუილი დააბრალეს და ახლა ერთი სიმართლე მაინც შევარჩინოთ. მდინარაძის თქმით, დეპუტატის მანდატის დატოვების გდაწყვეტილება თავად მიიღო. მას წასვლასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ ესაუბრა.
„ზარდიაშვილს ეს გადაწყვეტილება თვეების წინ ჰქონდა მიღებული და ამაზე მესაუბრა. რატომღაც, დროთა განმავლობაში მისი ეს გადაწყვეტილება გაიწელა, მაგრამ ბოლოს თქვა, რომ მის მიმართ წარმართულმა მიზანმიმართულმა „შავმა პიარმა“ პიკს მიაღწია. ამიტომაც საკუთარ ოჯახს გაუფრთხილდა, გუნდს და მიიღო ეს გადაწყვეტილება. ათასი ტყუილი დააბრალეს და ერთი სიმართლე მაინც შევარჩინოთ", - განაცხადა მდინარაძემ.
ზარდიაშვილის გადაწყვეტილებას აფასებს „ქართული ოცნების“ ლიდერი გია ვოლსკი. ვოლსკის თქმით, მმართველ გუნდში ზარდიაშვილის მიმართ არანაირი პრეტენზია არ არსებობს.
„ზარდიაშვილის მიერ პარლამენტის დატოვებას ასე დრამატიზებითაც არ შევხედავდი. ვანო ზარდიაშვილი თავისი გადაწყვეტილებით წავიდა. გუნდში მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ არსებობს. მის მიმართ უკვე დიდი ხანია „შავი პიარი“ მძლავრობდა. შეტევებმა საკმაოდ ხშირი სახე მიიღო. ვფიქრობ, ოპონენტების შემოტევაზე გავლენა მოახდინა მისმა ეფექტურმა, პროფესიონალურმა მუშაობამ აუდიტის სამსახურის პერიოდში, სადაც კვალიფიციური დასკვნები დაიდო გადაცდომებზე, რაც იმ ხელისუფლებას ახასიათებდა“, - აცხადებს ვოლკსი.
შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.
ამ ყველაფერს კი წინ ეკა ბესელიას და ვანო ზარდიაშვილს შორის დაწყებული დაპირისპირება უძღოდა. ბესელიამ ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მის მიმართ გამოთქმული რეპლიკის გამო მიაყენა.