UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ, საერთაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე, მიიღო გადაწვეტილება, რომ თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება. ამის შესახებ გუშინ, 7 ოქტომბერს გახდა ცნობილი.
იუნესკოს ინფორმაციით, ღონისძიებები 2021 წლის 23 აპრილს დაიწყება, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს.
პროგრამის ფარგლებში, მოეწყობა ბიბლიოთეკები, გაიმართება წიგნების ფესტივალი ბავშვებისთვის, წარმოდგენილი იქნება ციფრული პროექტები წიგნების თამაშებად გადასაქცევად და საქართველოს პირველი გამომცემლობის აღსადგენად. ღონისძიებების მიზანია კითხვის პოპულარიზაცია და წიგნების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა სოციალური ფენისთვის.
წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად, თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის (საგარეო საქმეთა სამინისტრო) მხარდაჭერით მიმდინარე წლის მაისში წარადგინეს.
დღეს ამ თემასთან დაკავშირებით, მედიათეკაში, თბილისის მერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და განათლების მინისტრმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა დიდი ისტორიისა და უძველესი დამწერლობის მქონე ჩვენი ერისთვის. ეს არის თბილისის როგორც განათლების, ლიტერატურისა და ხელოვნების უნიკალური ისტორიის მქონე ქალაქის აღიარება და დაფასება", - განაცხადა კახა კალაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისს შესაძლებლობას მისცემს, 1 წლის განმავლობაში მრავალ ღონისძიებას უმასპინძლოს, რაც მიზანად ისახავს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიის და მასთან დაკავშირებული სფეროების განვითარებას.
იუნესკომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფართომასშტაბიანი პროექტი 2002 წელს დაიწყო, ხოლო პირველი დედაქალაქი ალექსანდრია გახდა. ამჟამად, წიგნის დედაქალაქი შარჟაა, რომელმაც სტატუსის მოპოვება მერვე ცდაზე მოახერხა. მეხუთე ცდაზე გაუმართლა მალაიზიის დედაქალაქს. კუალა ლუმპური შარჟასგან წიგნის დედაქალაქის ტიტულს 2020 წელს გადაიბარებს. რაც შეეხება თბილისს, ის ამ სტატუსს 2021 წლის 23 აპრილიდან გადაიბარებს და ერთი წლის მანძილზე აუდიტორიას მრავალფეროვან ღონისძიებებს შესთავაზებს. გახსნით და ძირითად ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ UNESCO-ს წარმომადგენლები და საკონსულტაციო კომიტეტის წევრები.