მოქმედ გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს, რომელიც პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატადაა ნომინირებული, დეპუტატებთან გასაუბრებისას დიპლომთან დაკავშირებით დასმულ უხერხულ შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა მისი იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები და დიპლომთან დაკავშირებით არაერთი შეუსაბამობა გამოავლინა. როგორც ორგანიზაციის მკვლევარებმა გაარკვიეს, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.
„აღსანიშნავია, რომ შალვა თადუმაძემ საშუალო სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ის 1993 წელს სტუდენტი ყოფილიყო. შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც - დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში კი 1999 წელი აქვს მითითებული".
ფონდი, მის მერ გავრცელებულ განცხადებაში შენიშნავს, რომ საეჭვო იყო ადმინისტრაციული ორგანოების ერთსულოვნება, რომლითაც ისინი მრავალი თვეების განმავლობაში სხვადასხვა მოტივით უარს გვეუბნებოდნენ თადუმაძის დიპლომის ასლის მოწოდებაზე.
„იმ ფონზე, როდესაც შალვა თადუმაძე იკავებს ქვეყანაში ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობას და პარალელურად მონაწილეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში, კითხვები მის განათლებასთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს. მით უმეტეს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება უზენაეს სასამართლოში მისი უვადოდ გამწესება და შემდგომ თავმჯდომარედ არჩევა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის საკითხი და დასაბუთებული პასუხი გასცენ ლეგიტიმურ კითხვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიპლომის ნამდვილობა არსებული მდგომარეობით ეჭვქვეშ დარჩება, რაც მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებს“, ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში.