საქართველოს იუსტიციის მინისტრი თე წულუკიანი ოთარ კახიძის კომენტარს ეხმაურება სადაც მან თქვა, რომ თეა წულუკიანი გენერალურ პროკურორად იურისტის დიპლომის გარეშე დაინიშნა. „ახლა მეორე სერიაა. ეს მორიგი პირია უკვე, რომლის იურიდიული განათლება არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს აღარ გვიკვირს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ შალვა თადუმაძის განათლების დიპლომის საკითხის კომენტირებისას.
„მე კი ასე ვიტყოდი: შენ ისეთი დიდი იურისტი ხარ დიდი დიპლომით, ოთარ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე პირწმინდად დამარცხდი ჩემს წინააღმდეგ სტრასბურგში და იმედად ისღა დაგრჩა, საკნიდან გაიყვანესო, ამ ეპიზოდსღა ეპოტინები. იმას მაინც ვერ იძახი, გაიყვანეს და ცემესო, ანდა გაიყვანეს და აწამესო, ან კიდევ გაიყვანეს და ცოცხით შეურაცხყვესო, და ეს გწყინს, მაგრამ ვერ იტყვი და რას იზამ“,-წერს მინისტრი
წულუკიანი ოთარ კახიძეს ვანო მერაბიშვილის ადვოკატობის პერიოდს ახსენებს და წერს, რომ საწყალი „პატიმრისგან“ მან ბევრი ფული მიიღო და მერაბიშვილი შეცდომაში შეიყვანა. მინისტრი კახიძეს ურჩევს, თებერვალში ვანო მერაბიშვილის სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ მოემზადოს მისთვის პასუხის გასაცემად.
„ვანო პოლიტიკური პატიმარი არ არისო, მისი პოლიტიკური სცენიდან გაყვანის მიზანი საერთოდ არ ჰქონია ხელისუფლებასო, დაკავებაც კანონიერი იყო და პატიმრობაცო, ეს თქვა სტრასბურგმა იმის მიუხედავად, რომ ძალიან დიდი დიპლომი გედო ჯიბეში და არაკომპეტენტურად ცდილობდი სასამართლოს შეცდომაში შეყვანას.
ბევრი ფულიც მიიღე ჰონორარად „საწყალი“ პატიმრისგან და სტრასბურგის სასამართლოს თხოვდი ამინაზღაურეთ ეს თანხაო: 202 საათი ვიმუშავე ამ საქმეზე, რაც ჯამში 39 390 აშშ დოლარი დამიჯდაო (საკუთარი თანამებრძოლის დასაცავად, ამის დათვლა მაინც არ დაგეზარა, ბიჭო?)
სასამართლომ სრულად უარყო ეს შენი მოთხოვნა, ბევრ სხვასთან ერთად.
ახლა, რაღა დაგრჩა აბა. თებერვალში დაუსრულდება მისჯილი სასჯელი მერაბიშვილს და რომ გამოვა, მერე მაინც გასცემ ალბათ პასუხს მას იმის შესახებ, თუ რას ატყუებდი, რაში ვერ და არ დაიცავი და რატომ.
ჰოდა მოემზადე, ლუზერო!", - წერს წულუკიანი სოციალურ ქსელში.
„ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ასევე სიციალური ქსელით პასუხობს.
„თეა წულუკიანს სტატუსი მოუძღვნია ჩემთვის - გენერალურ პროკურორად რომ თვითმარქვია იურისტი დანიშნეს, ეს ამბავი გავახსენე და როგორც ჩანს, ტკენია.
ქ-ნო თეა, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი იურისტად არ ითვლებოდი, მაგრამ ითაღლითე და გენერალური პროკურორი გახდი.
სანამ კანონს მოირგებდი, მახსოვს, როგორ ამაყობდი აგვისტოს ომის გმირი გენერლის დაკავებით, სამაგიეროდ - ჩატაევი ციხიდან გამოუშვი და შენი საყვარელი თემის, ცოცხების შემოქმედი სადისტი ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლე.
მართალია, ტყუილები „თქვენი გუნდის ხელწერა არ არის", მაგრამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე პირწმინდად დამარცხდი, უტიფარო.
თან ყველაზე იშვიათი, მე-18 მუხლი წააგე. მერე გამწარებულმა გაასაჩივრე და ევროსასამართლოს დიდ პალატას ატყუებდი, გამოვიძიეთ და არ დადასტურდა ციხიდან გაყვანაო, მაგრამ მეორედაც მწარე მარცხი იგემე.
(ისე, თუ მოიგე, რაღას ასაჩივრებდი ) ამ საქმეზე მოახერხე და კიდევ ორი ტყუილი თქვი ერთ წინადადებაში:
1. „ვანო პოლიტიკური პატიმარი არ არისო, მისი პოლიტიკური სცენიდან გაყვანის მიზანი საერთოდ არ ჰქონია ხელისუფლებასო" - ეს სასამართლოს არ უთქვამს, მატყუარავ :დ აღნიშნული არც დაადასტურა და არც უარყო, ხოლო მე-18 მუხლის დარღვევა ციხიდან გაყვანის და ზეწოლის ფაქტით დაადგინა;
2. პატიმრობა კანონიერი იყოო, არც ეგ უთქვამს, სექტემბრის წინასასამართლო სხდომიდან მოყოლებული, ეგეც უკანონო გამოგიცხადა, ამიტომ წააგე კონვენციის 5.3 მუხლი, ცრუპენტელავ.
კიდევ არ გცოდნია, რომ ცივილიზებული იურიდიული ფირმები საათობრივ ბილინგს აკეთებენ, როგორ უნდა დაგეზაროს ეგ, როცა შესაბამისი პროგრამა ავტომატურად ითვლის ნამუშევარ დროს, უვიცო.
ლუზერობაზე გამახსენდა - ჩამოთვლა მეზარება და ტაბულას აქვს თავმოყრილი შენი ყველა მარცხი, კომენტარად დაგილინკავ და გადაავლე-ხოლმე თვალი, რომ არ დაგავიწყდეს.
ვანო მერაბიშვილის საქმეს რაც შეეხება, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ითხოვს და აუცილებლად მოუწევს შემდგომ ხელისუფლებას მისი გაყვანის გამოძიება, რასაც ზემოდან დაემატება თქვენი მხრიდან ამ საქმის ჩაფარცხვა, ვიდეო მტკიცებულებების განადგურება, ცრუ ჩვენებების აღება და ა.შ.
მოკლედ, დიდი ორომტრიალი იქნება და აქედანვე მოემზადე.
იურისტები დაგჭირდება, ოღონდ შენნაირი თვითმარქვია თაღლითები არა, ნამდვილი იურისტები. არა მგონია, გიშველონ, მაგრამ მაინც" - წერს ოთო კახიძე სოციალურ ქსელში.