უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ეკა ბესელიასა და ალეკო ელისაშვილს შორის წარმოებულ სამართლებრივ დავაზე ცნობილია. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მოსამართლე პაატა ქათამაძემ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო:
„ალექსანდრე ელისაშვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩეს“, შესაბამისად ამ დროიდან ძალაშია პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ელისაშვილს ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა დაევალა.
საქმე ჯერ კიდევ 2015 წლის 22 დეკემბერს გადაცემა „არჩევანში“ ალეკო ელისაშვილის მიერ გაჟღერებულ სკანდალურ ბრალდებებს ეხება.
„ეს პოლიტიკოსები (ეკა ბესელია და მანანა კობახიძე) პატიმრების გაშვებით ვაჭრობდნენ და ამაში იღებდნენ ფულს“, - განაცხადა ელისაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში. მისივე თქმით, ეკა ბესელიას მხრიდან მასზე, როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეზე, ადგილი ჰქონდა ზეწოლის მცდელობას, რათა პრეზიდენტთან კონკრეტული პატიმრების შეწყალებაზე დადებითი რეკომენდაცია შესულიყო.
ბრალდებები თავად ეკა ბესელიამ უარყო და ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ელისაშვილის განცხადებები „შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს ეკა ბესელიას შესახებ“, შესაბამისად მას ბესელიას სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 1000 ლარის გადახდა და ცილისმწამებლური ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა.
ალეკო ელისაშვილმა პირველი ინსტანციის ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაშიც უცვლელი დარჩა. უზენაესმა სასამართლომ კი მიიჩნია, რომ ელისაშვილის სარჩელი განხილვას საერთოდ არ ექვემდებარება.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ლიბერალთან“ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის ამ გადაწყვეტილებას ელოდა. ბესელია ამბობს, მასზე, თვეების განმავლობაში მიზანმიმართული შეტევა ხორციელდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ახლა მის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი, ვერცერთმა მოსამართლემ ვერ შეძლო, ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. ბესელია ამბობს, რომ ელისაშვილს სხვა გზა არა აქვს და მან ეს ცილისწამება საჯაროდ უნდა უარყოს.
„დიდი ხანია ველოდები ამ გადაწყვეტილებას. ეს იყო თვეების განმავლობაში მიზანმიმართული შეტევა სიცრუის დაბრალებით. გამოძიებამაც დაადგინა რომ ეს იყო სიცრუე და სასამართლომ თქვა რომ ეს იყო ცილისწამება. ამ სასამართლომაც კი რომელიც ჩემს მიმართ ალბათ ყველაზე ცუდად განწყობილია ვერაფერი თქვა იმის გარდა რომ უნდა უარყოს ეს ცილისწამება ელისაშვილმა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ლიბერალი“ ალეკო ელისაშვილსაც დაუკავშირდა, მისი თმით ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.