უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის გარშემო ატეხილი სკანდალი დღეს კვლავ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გაგრძელდა. მოქმედი მთავარი პროკურორისა ადვოკატობა დღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იკისრა, რომელმაც სადაო დიპლომის ნამდვილობის დასამტკიცებლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის დიპლომის ასლის დემონსტრირება მოახდინა.
„გავიხსენეთ კურსდამთავრებული, რომელმაც 2003 წლამდე დაამთავრა იგივე ინსტიტუტი, რომელიც შალვა თადუმაძემ. ამ ადამიანის სახელი და გვარია - ნაზი ჯანეზაშვილი“, - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.
„გუშინ მთელი დღის განმავლობაში შეკითხვები გვქონდა წინა კანდიდატთან, მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან.. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც დეპუტატებმა ეჭვი შეიტანეს მისი დიპლომის ნამდვილობაში, იყო ის, რომ ინსტიტუტს, სადაც სწავლობდა, 2003 წლიდან მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელი. ჩვენი ოპონენტების მხრიდანაც მთელი დღის განმავლობაში ამასთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენდით. ამის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს თაღლითიც კი უწოდეს.. გავიხსენეთ ასეთი კურსდამთავრებული, რომელმაც 2003 წლამდე აღნიშნული ინსტიტუტი დაამთავრა. მისი დიპლომი მოვიძიეთ, რომელშიც 2002 წელი ფიქსირდება, ანუ 2003 წლამდე პერიოდი დამთავრების თარიღად. ამ ადამიანის სახელი და გვარია ნაზი ჯანეზაშვილი, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნაზი ჯანეზაშვილი „ლიბერალთან" ადასტურებს, რომ ის მართლაც სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, თუმცა მიიჩნევს რომ, თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა ეჭვქვეშ არა სახელმა, არამედ ჩარიცხვისა და ინსტიტუტის დაარსების თარიღების აცდენამ გამოიწვია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამტკიცებს, რომ მთავარი პროკურორისგან განსხვავებით მხოლოდ ზემოხსენებულ დიპლომს არ დასჯერდა და განათლების მიღება საერთაშორისო, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში განაგრძო, რის დამადასტურებელ: კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომების ფოტოებსაც საკუთარ ფეისბუკზე აქვეყნებს.