სამედიცინო კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გამართულ სასამართლო პროცესზე, საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს, მთავარი პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, აღმკვეთ ღონისძიებად 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. სპეციალური განჩინებით, ბრალდებულს ასევე აეკრძალა საქმეზე დაზარალებულად ცნობილ, ყოფილ თანაშემწესთან, თამთა თოდაძესთან მიახლოება, ასევე სპეციალური ნებართვის გარეშე შეეზღუდა საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან ყოველგვარი კომუნიკაცია.
სასამართლო სხდომიდან გამოსულმა პროკურორმა განაცხადა, „ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ გირაოს დასახელებული თანხა და დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები უზრუნველყოფდა აღმკვეთი ღონისძიების მიზნებს - რომ არ იქნება განადგურებული მტკიცებულებები და ასევე არ მოხდება ზემოქმედება მოწმეებზე“.
პროკურატურის პოზიცია გაუგებარი დარჩა დაზარალებული მხარისთვის, რომელიც ილია ჯიშკარიანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოთხოვდნენ. როგორც ადვოკატი თამარ ლუკავა აცხადებს, „პროკურორმა პროცესზე დაადასტურა, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე, მაგრამ მაინც გირაო მოითხოვა. "გაუგებარია, როცა არსებობს ეს საფრთხეები, რატომ არ ითხოვს პატიმრობას? ვერ მივიღე პასუხი, რატომ არის შეუსაბამო პროკურატურის პოზიცია და მოთხოვნა?...როგორ წარმოგიდგენიათ ერთ სამსახურში დასაქმებულ პირებთან კომუნიკაციისთვის სპეციალური ნებართვა რამდენჯერ უნდა გასცეს პროკურატურამ და ჩვენ როგორ უნდა ვაკონტროლოთ ის მოახდენს თუ არა ზემოქმედებას ამ მოწმეებზე?! აღკვეთის ეს ღონისძიება არ იქნება შემაკავებელი. ამიტომ ვითხოვდით ჩვენ პატიმრობას" - აცხადებს ლუკავა.
თამარ ლუკავას უჭირს იმის ახსნაც, თუ რატომ გაიმართა სასამართლო საავადმყოფოში, მაშინ როცა ილია ჯიშკარიანს მთელი პროცესის განმავლობაში ფეხზე დგომა არ გასჭირვებია.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, სხდომის საავადმყოფოში ჩატარების გადაწყვეტილება, ექიმის ცნობის საფუძველზე მიიღო. „ნიუ ჰოსპიტალის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, ილია ჯიშკარიანი კორონალური სინდრომის გამწვავების დიაგნოზით გადის მკურნალობის კურსს და პაციენტის კლინიკის ტერიტორიდან გადაყვანა მიზანშეუწონლად ჩაითვალა.
ილია ჯიშკარიანის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ინფარქტი ოთხჯერ აქვს გადატანილი და რადგან ბრალდებულის ემოციური ფონის გამო მდგომარეობის გაუარესების რისკი არსებობდა, მიზანშეწონილად ჩაითვალა, პროცესი კლინიკაში გამართულიყო.
ჯიშკარიანის ავადმყოფობა არ სჯერათ დაზარალებული უფლებადამცველებს. „ჯიშკარიანი უკვე 6 დღეა თავისი ძმაკაცის საავადმყოფოში წევს ისე, რომ არაფერი არ სჭირს“ განაცხადა ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ. მისი თქმით, ჯიშკარიანის ჯანმრთელობის შესახებ საქმის მასალებში არ მოიპოვება არც ერთი დოკუმენტი და რეალურად ამ 6 დღის განმავლობაში მას სერიოზული რაიმე სახის პროცედურა არ უტარდებოდა.
ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გამოძიებას მტკიცებულებათა არასრულყოფილ ბაზაზე მიანიშნებს. მას ხარვეზად მიაჩნია ის ფაქტი, რომ თამთა თოდაძის ალკოჰოლურ თრობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა არ ჩატარებულა.
როგორც ადვოკატის კომენტარიდან ირკვევა, ილია ჯიშკარიანის დაცვის სტრატეგია სწორედ ინციდენტის დროს თოდაძის არაფხიზელ მდგომარეობის აპელირებაზე იქნება აგებული.
თოდაძის ნასვამობას უკავშირებს მომხდარ ფაქტს ილია ჯიშკარიანის თანაშემწე და იმავდროულად ნათესავი, მამუკა გოქსაძე, რომელმაც ოფიციალური ვერსიით, ბიუროს ოფისი ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა. როგორც იგი „რუსთავი 2-თან“ ჰყვება, თამთა ძალიან ნასვამი იყო და ამიტომაც მან შესთავაზა გაჰყოლოდა, რაზეც უარი უთხრა, იმ მოტივით, რომ ოფისში საქმე ჰქონდა. „ილიამაც შესთავაზა თამთას წამოსულიყო ჩემთან ერთად, მაგრამ არ გამომყვა“ - იხსენებს მამუკა გოგსაძე.
თამარ ლუკავას ინფორმაციით, ისნის მაჟორიტარის ბიუროს ის თანამშრომლები, რომლებიც ჯიშკარიანის სასარგებლო ჩვენებას იძლევიან, მისი ახლო ნათესავები, ან ახლო მეგობრები. ამიტომ მათ განცხადებებს არასარწმუნოდ მიიჩნევს. მათ საპირისპიროდ ადვოკატი ასახელებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების ჩვენებას, რომლებიც თამთას ნასვამობას არ ადასტურებენ და დაზარალებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებზე უთითებენ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქმის არსებითი განხილვა 18 ნოემბერს ჩაინიშნა.