ხაშურში, ყოფილი ქმრის მიერ სასტიკად ნაცემი 30 წლის ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
პაციენტი საავადმყოფოში თავის ქალის ძვლების მრავლობითი მოტეხილობებით, კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილ ქალბატონს ხაშურში მეორადი ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა. სწორედ იქ დაესხა თავს ყოფილი ქმარი, რომელთანაც გაშორების პროცედურა ჰქონდა დაწყებული და ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები მიაყენა. მან მაღაზიაში ხელყუმბარაც შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა და გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს.
სასტიკ დანაშაულში ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.