იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 79⁴ მუხლის საფუძველზე, თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების ფარული კენჭისყრა გაიმართა. საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს 37 მოსამართლის, მათივე თანამდებობაზე, უვადოდ გამწესებას. კენჭისყრას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 12 წევრი ესწრებოდა.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი „ლიბერალთან“ აცხადებს, რომ ის ძირითადი ნაწილი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, წანასწარ შეთანხმებული იყო, რომ დღეს ყველასთვის მხარი უნდა დაეჭირათ.
მისივე თქმით, კენჭისყრის ფარულობიდან გამომდინარე, აღნიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, თუმცა მისი აზრით, დანიშვნები კითხვებს ყოველთვის აჩენს.
„ყურადსაღებია, რომ დღევანდელ სხდომაში 12 წევრი მონაწილეობდა და ხმები, მაგალითად, არ გადანაწილებულა 8/4-ზე. ყველას დაუჭირეს მხარი და როგორც ჩანს ის ძირითადი ნაწილი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ხოლმე, შეთანხმებული იყო, რომ დღეს ყველასთვის მხარი უნდა დაეჭირათ. ამიტომაც ყველა გავიდა. თუ არის დაძაბული ვითარება, ამისთვის ცდილობენ მოსამართლეებს აჩვენონ ერთიანობა და მხარდაჭერა, ნიშნავენ ყველას, ან პირიქით, ვიღაცეებს უარს ეუბნებიან. ეს არის ერთგვარი პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევებში საბჭო ინტერესების მიხედვით ახორციელებს", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.