სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფი ამერიკელი სამხედროების მიმართულებით, თურქეთის არმიის პოზიციებიდან საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. აფეთქებების ხმა თურქეთ-სირიის საზღვართან მდებარე ქალაქი ქობანთან ადგილობრივი დროით 9 საათზე დაფიქსირდა. პენტაგონის ინფორმაციით ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ვაშინგტონი ირწმუნება, რომ ოფიციალურ ანკარა ფლობდა ცნობებს ამერიკელი სამხედროების განლაგების შესახებ. პენტაგონის ოფიციალურ განცხადებაში, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამერიკული მხარე წინააღდეგია სირიაში მიმდინარე თურქული სამხედრო ოპერაციის.
ინციდენტის შესახებ, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა და ქურთი „ტერორისტები’’ დაადანაშაულა. ოფიციალური ანკარა იუწყება, რომ საარტილერიო შეტევის განხორციელება აუცილებლობას წარმოადგენა, ვინაიდან სწორედ, ქალაქ ქობანიის სიახლოვიდან უტევდნენ თურქულ არმიას შეიარაღებული ფორმირებები.
თურქეთი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოა, ამიტომ ხსენებულ სახელმწიფოებს შორის სამხედრო დაპირისპირება რთული წარმოსადგენია, თუმცა ამერიკელმა გენერალმა მარკ მილიმ მომხდარი ინციდენტი ხისტი განცხადებით შეაფასა. ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების არმია ისარგებლებს თავდაცვის უფლებით. არ უნდა დაგვავიწყდეს დონალდ ტრამპის გზავნილიც „ეკონომიკის ჩამოშლის“ შესახებ, თუ ოფიციალური ანკარა, სირიაში მოქმდების ლიმიტებს გადააჭარბებდა.
უკანასკნელი წლების განმავლობაში, ამერიკული სამხედრო კონტიგენტი აქტიურად თანამშროლობდა ქურთისტანის სამხედრო ჯგუფებთან. ოფიციალური დამასკოს ნების საწინააღდეგოდ, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში 1000 ამერიკელი სამხედრო გახლავთ განლაგებული, რომლებმაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უნდა დატოვონ რეგიონი. ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ ბრძოლაში, ქურთები ვაშნგტონის ნომერლ პირველ მოკავშირეს წარმოადგენდნენ. აშშ-ის ჯარისკაცების ყოფნა სირიაში თურქული არმიის ერთადერთი შემაკავებელი ბერკეტი გახლდათ, რომელსაც საკუთარი „ანგარიშები“ აქვს ქურთებთან, მათ ტერორისტებად და მთავარ მოწინააღმდეგეებად მიიჩნევს. ოპერაცია მშვიდობის გაზაფხული, ლტოლვილების სირიაში დასაბრუნებლად უსაფრთხო ზონების და კორიდორის შექმნის გარდა, სწორედ ქურთისტანის სამხედრო ფორმირებების განადგურებას ისახავს მიზნად.
პარალელურად, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ახალი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ გვაფრთხილებს. რამოდენიმე დღიანი დაპირისპირების შემდეგ, ჩრდილოეთ სირიის დატოვება 100 000 მშვიდობიან მოქალაქეს მოუწია.
მოვლენებს რუსეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა და ასადის ხელისუფლების მნიშვნელობა აღნიშნა. პუტინი მიიჩნევს, რომ სირიის ხელისუფლების მეთაურმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი სახელმწიფოს ჯარები უნდა იყვნენ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე. საქართველოს ჩრდილოეთ მეზობელი სახელმწიფოს მეთაურმა, ასევე აღნიშნა, რომ სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს სამხედრო კონტიგენტის ყოფნა არალეგიტიმური და დაუშვებელია.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ წამოწყებული სამხედრო კამპანია ჯერ მხოლოდ საწყის ფაზაშია, თუმცა უკვე უამრავი ადამიანი დაზარალდა, იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი ტალღა გაჩნდა და მსოფლიო პოლიტიკური „პულსიც’’ დაიძაბა. საინტერესო გახლავთ, სამომავლოდ რა პასუხი ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუ კვლავ გადაწყვეტს თურქული არმია ამერიკელთა ბაზის მიმდებარე ტერიტორიას შეუტიოს.