პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა ტაქსის მძღოლი, რომელმაც თბილისში, უცხოელ მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა 13 ოქტომბერს, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მოხდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1967 წელს დაბადებულმა გ.თ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქე ქალბატონს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მისი კუთვნილი ნივთები დააზიანა. გამოძიება მიმდინარეობს ძალადობისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლისა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილებით. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.