ხაშურის სამშობიარო სახლში დედისა და ჩვილის გარდაცვალების მიზეზად სამედიცინო პერსონალის გადაცდომა სახელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გაუფრთხილებლობით, ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობას ფაქტზე დაიწყო. შემთხვევას სწავლობს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სამსახურიც. პაციენტის მიმღებ ექიმებს სამედიცინო საქმიანობის უფლება, გამოძიების დასრულებამდე, დროებით შეუჩერდეთ.
შპს „ახალი კლინიკის“ დირექტორის, კახა ხელაძის განცხადებით, კლინიკას ლიცენზიის შესაბამისად, მინიჭებული აქვს პირველი დონე, რაც არ გულისხმობდა ასეთი რთული შემთხვევების მართვას. „ზუსტად ამ კრიტერიუმებს თუ განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ასეთი პაციენტი ექვემდებარებოდა უფრო მაღალი დონის სამშობიარო გადაგზავნას. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, პერსონალმა ალბათ, იჩქარა რისკების შეფასებისას - ეს გარკვეული გადაცდომები გამოიკვეთა. სამწუხაროდ, მშობიარობის მართვისას გამოიკვეთა გართულებები და ამ გართულებებს მოჰყვა უკვე როგორც დედის, ისე ნაყოფის დაღუპვა“, - აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები დამნაშავე ექიმების დასჯას მოითხოვენ. გარდაცვლილი ქალის დედა აცხადებს, რომ სამედიცინო პერსონალმა პაციენტს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს. „სანამ არ დამძიმდა მდგომარეობა, 17:00 საათზე, ყურადღება არ მიაქციეს. თურმე ბავშვს უჭირდა, კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ, წამიყვანეო. სად წამეყვენა, უკვე დაგვიანებული იყო. თვითონ უნდა მოგვეხმაროსო. გული აღარ ჰქონდა კარგ მდგომარეობაში, ცუდად იყო. არ მიაქციეს ყურადღება. მე ვუთხარი, გაუკეთეთ საკეისრო-მეთქი და არა, თვითონ უნდა იმშობიაროსო. ვერ იმშობიარა თვითონ. შვილი მომიკლეს. ყურადღება არ მიაქციეს, ოთხი ობოლი შვილი დატოვა“, - აცხადებს გარდაცვლილის დედა.
ხაშურის სამშობიარო სახლში დედა და ჩვილი დღეს გარდაიცვალნენ.