Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ეს უნდა იყოს ბოლო შანსი“ - მთავრობა „ანაკლიის კონსორციუმს“ ვალდებულებების შესასრულებლად ვადას წლის ბოლომდე აძლევს

16 ოქტომბერი, 2019 13:14

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა წალის ბოლომდე გაუხანგრძლივა.

უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა კაპიტალის შევსების ვალდებულება ნაწილობრივ, ხოლო ბანკებთან მიღწეული შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება საერთოდ ვერ შეასრულა - რაც მთავრობას ანიჭებს უფლებას დაუყოვნებლივ გააუქმოს ხელშეკრულება - საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობას და ამ ეტაპზე უარს ამბობს ხელშეკრულების გაუქმების უფლების გამოყენებაზე.

„საქართველოს მთავრობა აძლევს კონსორციუმს საშუალებას ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.

იმედს ვიტოვებთ, რომ პროექტის მიმართ საქართველოს მთავრობის მორიგი მხარდაჭერა შედეგიანი იქნება და კონსორციუმი ამჯერად შეძლებს საკუთარი სახელშეკრულებო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფრასტრუქტურის მინისტრის  მაია ცქიტიშვილის თქმით, კონსორციუმისთვის დოკუმენტების წარდგენისთვის ვადის წლის ბოლომდე გადაწევა „ბოლო შანსია უნდა იყოს". 

„მე ასე შევაფასებდი, რომ დიახ, ეს უნდა იყოს ბოლო შანსი, რადგან მოგეხსენებათ, 2017 წლის აგვისტოს შემდეგ ვახდენთ გადავადებას, ეს არის უკვე მეექვსე გადავადება, ვავადებთ ვალდებულებების შესრულებას. ბოლო გადავადებით სწორედ წლის ბოლომდე ჰქონდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დადგენილი ეს ვადა. ფაქტობრივად, უკვე ორი წლით გადავავადეთ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტის შესრულება. ამდენად, დამეთანხმებით ალბათ რომ ჩვენ უსასრულოდ ვერ მოვახდენთ ვადების გაჭიანურებას“, - განაცხადა ცქიტიშვილმა. 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით კი 2017 წელს ბიძინა ივანიშვილმა პირისპირ შეხვედრისას ჰკითხა „რა უნდოდათ ამერიკელებს შავ ზღვაში". ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ მთავარ არხზე, გადაცემა „ღამის მთავარში“ ისაუბრა. მისი თქმით,  ეს ძალიან ცუდი საუბარი არასდროს დაავიწყდება.

„ბიძინა ივანიშვილს მის რეზიდენციაში შევხვდი. საუბარი  ძალიან მძიმედ დაიწყო და მითხრა, რომ შევეშვათ ანაკლიას. ივანიშვილი მეუბნება, რომ შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში. თავიდან მეგონა, რაღაც შაყირთან გვქონდა საქმე.

თუმცა მერე  მითხრა, ამ პროექტს მხარი იმიტომ დავუჭირე, გიორგი კვირიკაშვილი პრემიერად რომ დავნიშნე გამაგრებულიყო, რაღაც სალაპარაკო ხალხთან უნდა გვქონოდაო. ახლა  ძალიან ვერ ვხედავ ამის პერსპექტივასო. ვკითხე, ხალხს რა ვუთხრათ-მეთქი, მიპასუხა, ინტერვიუს მივცემო და ყველაფერი კარგად იქნებაო", - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძე ამბობს, რომ  საქართველო არა დასავლეთისკენ, არამედ, ჩრდილოეთისკენ მიექანება. მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი გუნდი და საზოგადოება მოატყუა, როდესაც მოგვიანებით თქვა, რომ ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია. ხაზარაძემ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებისას ანაკლიის თემაზე გამართული შეხვედრა გაიხსენა:

„იმ შეხვედრას ესწრებოდა გიორგი კვირიკაშვილი, მე, ბადრი ჯაფარიძე, ლევან ახვლედიანი, გიორგი გახარია, მაია ცქიტიშვილი. იმ შეხვედრაზე ივანიშვილმა  თქვა, რომ მას ანაკლიაზე სხვა აზრი ჰქონდა. ახლა, როცა დაბრუნდა პოლიტიკაში, ის მიიჩნევს, რომ ანაკლია არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ამ შეხვედრის შემდეგ კი კვირიკაშვილი ამერიკაში მიემგზავრება და მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ბრუნდება და 2-3 კვირაში ხსნიან. სამ კვირაში იწყებენ გამოძიებას „თიბისი“  ჯგუფის მიმართ", - განაცხადა ხაზარაძემ.          

ცნობისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა.

გუშინვე, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე კონსორციუმის შუალედური ვალდებულებები განმარტა და განაცხადა, რომ 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.

მოგვიანებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ კონსორციუმს მთავრობისთვის პროექტთან დაკავშირებით წინადადება უკვე წარდგენილი ჰქონდა და არანაირი დოკუმენტის წარდგენას აღარ აპირებდა.

მიმდინარე წლის ბოლომდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დაფინანსების ნაწილში შესასრულებელი რჩება შემდეგი ვალდებულებები:

- შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე;

- საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევა და ხელშეკრულების გაფორმება;

- ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის 20 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენა;

- პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^