"ზურაბ ჟვანიას ფონდი" აცხადებს კონკურსს 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად. 2019 წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა შეუძლიათ 18-30 წლის ხალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში:
⦿ თეატრალური ხელოვნება
⦿ კინოხელოვნება
⦿ პროზა
⦿ პოეზია
⦿ მუსიკალური ხელოვნება
⦿ ჰუმანიტარული მეცნიერებები
⦿ სახვითი ხელოვნება
⦿ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა რიგით მერვე „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად განაცხადების მიღება წარმოებს 2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. „წინანდლის პრემიის" ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზებითა და ფულადი პრემიით.
„წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას.
წლების განმავლობაში „წინანდლის პრემიამ“ ხელი შეუწყო ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.
ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი. პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა. „წინანდლის პრემიის“ პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 1999 წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის ინიციატივით და პატრონაჟით ხორციელდებოდა "წინანდლის პრემია".
„წინანდლის პრემია 2019“ ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.