„დღეიდან ტელეკომპანია ,,პირველს“ ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს“ - წერს საკუთარ ფეისბუკზე ტელევიზიის დამფუძნებელი და მფლობელი ვატო წერეთელი. გადაცემა „რეაქციის" ტელეწამყვანი დირექტორის პოზიციაზე პაატა კაკაურიძეს ჩაანაცვლებს.
ვატო წერეთლის განცხადებით, არხი გადადის განვითარების ახალ ეტაპზე, რომელსაც სათავეში ახალი დირექტორი ჩაუდგება, დიდი გეგმებით და მთელი გუნდის ერთიანი ძალისხმევით. „ინგა ,,პირველზე“, იმ დროს მოვიდა, როცა აქ პირველი აგური იდებოდა და ჩვენი ტელევიზიის ყველა თანამშრომელთან ერთად, მთელი ენერგია ჩადო ტელევიზიის განვითარებაში. უკვე დღეიდან ,,რეაქციასთან“ ერთად ის მთელი არხის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესს ჩაუდგება სათავეში. მჯერა, ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო წარმატებული გამოგვივა. ინგა გრიგოლია, წარმატებებს გისურვებ“, - წერს არხის დამფუძნებელი ფეისბუკზე.
დაწინაურებას ასევე ფესიბუკიდან გამოეხმაურა ინგა გრიგოლია. იგი ახალ პოზიციაზე დანიშვნას საპასუხისმგებლო და აზარტულ გამოწვევას უწოდებს და არხის რებრენდინგსა და ვაკანსიების გამოცხადებას აანონსებს: „ვისაც ტელევიზია თავდავიწყებით გიყვართ და ვისაც გაქვთ განუსაზღვრელი თავისუფლების არხზე მუშაობის სურვილი, გამომეხმაურეთ. ვეძებთ ტელევიზიაზე გაგიჟებით შეყვარებულ ადამიანებს.. ვისაც სურვილი და ამბიცია გექნებათ, გამოგვყევით ახალი სიმაღლეების დაპყრობაში. დღეიდან 24 საათში 25 საათი ვიწყებ მუშაობას“ - წერს გრიგოლია.