დღეს თბილისში საქართველოს პროკურორთა კონფერენცია გაიმართა, რომელმაც საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები უნდა აირჩიოს. კონფერენციის დაწყებამდე გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ, ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
დაიბარებენ თუ არა პროკურატურაში შეწყალების საქმეზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. თადუმაძე ამბობს, რომ თუკი პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა დადგება, კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საჭიროების შემთხვევაში პროკურატურა იმოქმედებს კანონის შესაბამისად. ამ ეტაპზე პრეზიდენტის გამოკითხვაზე დაბარების აუცილებლობა არ არის. ვნახოთ, გამოძიება მიდის. გამოძიების ფარგლებში ჯერჯერობით იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, რომელთა აუცილებლობაც არის“, - განაცხადა თადუმაძემ.
გენერალურ პროკურორს ჟურნალისტებმა „მთავარი არხის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტზეც ჰკითხეს. სიუჟეტის მიხედვით, პროკურორის მეუღლე ქმრის გავლენების დახმარებით კონკრეტულ ადამიანებს ლობირებს.
„ეგ თქვენი ინტერპრეტაციაა. მე გავერკვევი, თუ ლობირებს ჩემი მეუღლე რომელიმე კომპანიას და აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. თქვენს სიუჟეტს შვიდი წელია ვუყურებ და მე მგონი, მეტი სიუჟეტი თქვენ არ გაქვთ, იმიტომ, რომ თქვენ იგონებთ რაღაც ამბებს. მე ხუთი წლის უკან გენერალური პროკურორი არ ვიყავი“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თადუმაძემ, საპროკურორო საბჭოს ყოფილ წევრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ წევრებს რჩევა მისცა: „ჩემი გამოცდილებით გეტყვით, შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა" ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ - განაცხადა მან.