საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია გახდა. ის კომისიის წევრებმა ერთხმად აირჩიეს.
დავით ნარმანიას კანდიდატურა პარლამენტს მთავრობის რეკომენდაციით პრეზიდენტმა წარუდგინა. ნარმანიას ამ თანამდებობაზე არჩევა პირველ ოქტომბერს უკვე სცადეს, მაგრამ პარლამენტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ დავით ნარმანიას კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა, კონსტიტუციის თანახმად კი პრეზიდენტს არ აქვს უფლება წარადგინოს სემეკის თავმჯდომარის კანდიდატურა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა დაადასტურა, რომ სემეკის თავმჯდომარის არჩევის თაობაზე კონსტიტუცია და შესაბამისი კანონი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ამიტომ კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად კანონში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო.
აქამდე დავით ნარმანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი იყო. სემეკ-ის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, ირინა მილორავას კი უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.