იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, არ შეუშვეს. ანა დოლიძის განცხადებით, მას მანდატურის სამსახურმა განუცხადა, რომ დარბაზში ადგილი არ იყო და სხდომაზე დასწრება დარბაზში არსებულ ე.წ აივანზე შესთავაზა. ანა დოლიძის თქმით, ეს ყველაფერი იმისთვის არის გამიზნული, რომ გიორგი მიქაუტაძეს კომფორტი შეუქმნან.
„სხდომა არის საჯარო, დარბაზში იმდენი ხალხია, რომ ადგილი აღარ არის. სულ აპარატის თანამშრომლებით და მოქალაქეებით არის სავსე. ცდილობენ დისკომფორტით და ცივი ნიავი გიორგი მიქაუტაძეს არ მიაკარონ. არ აგვინერვიულდეს, ამისთვის არის ეს ფასადური პროცესი”, - განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძემ პარლამენტის შენობა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან მისი თქმით, შეთავაზებას, რომ სხდომას ე.წ.აივნიდან დასწრებოდა არ დათანხმდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ანა დოლიძის განცხადებას ტყუილს უწოდებს. ოხანაშვილის თქმით, დარბაზში ადგილები წინასწარ არის გადანაწილებული და დასწრების მსურველმა კომიტეტის თავმჯდომარეს ამის თაობაზე წინასწარ უნდა მიმართოს.
„ახლა გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ანა დოლიძემ პარლამენტში ყოფილა მოსული. მან სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ თითქოს მან მოგვმართა და ჩვენ დარბაზში არ შემოვუშვით, რაც არის ტყუილი. იუსტიციის საბჭოს წევრის მხრიდან ასეთი ტყუილის გავრცელება უხერხულია. მოგეხსენებათ, ეს დარბაზი განკუთვნილია პარლამენტის წევრებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, გადანაწილებულია კონკრეტული ადგილები არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებისთვის. ვინაიდან ინტერესი დიდია და თუ ვინმეს დასწრების სურვილი აქვს, ადგილები აქ თავისუფალი არ გვაქვს, ვთავაზობთ აქვე დარბაზში, აივანზე დასწრებას. როგორც ჩანს, ანა დოლიძემ იუკადრისა მოქალაქეებთან ერთად დაჯდომა, რაც საბჭოს წევრის მხრიდან უხერხულია", - განაცხადა ოხანაშვილმა.
დოლიძემ პარლამენტიდან გამოსვლისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურა უპირობოდ უნდა ჩავარდეს, როგორც სიმბოლო მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსი, რომლის მიმართაც ჩვენს მოსახლეობას მინიმალური ნდობა აქვს. ანა დოლიძის თქმით, მიქაუტაძე მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს „სახეა”.