პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროკურატურაში აღძრულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დაიკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩვენებები უკვე მისცეს გომელაურის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიმაკაძემ.
გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ აღიაროს თავისი დანაშაული. „ერთი წელი და ათი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სუს-მა და სუს-ის მაღალჩინოსნებმა ტერაქტი მოაწყეს პანკისის ხეობაში, მაჩალიკაშვილების ოჯახში. ძალიან ბევრია დასაკითხი და ციხეში ამოსალპობი, ჩიმაკაძეც და ის სვანი პიროვნება, სპეცრაზმელი, რომელიც თემირლანთან ოთახშია შესული. სახელებით მე არ ვიცნობ ყველას, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც უნდა დაიკითხონ. ჩემთვის არაფრის მომტანია, ვინ დაიკითხება და ვის ამოალპობენ ციხეში, სულ არ მაინტერესებს. მე მინდა, რომ სახელმწიფომ აღიაროს დანაშაული", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების, იარაღის გამოყენებით, შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს.