ქალაქის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ თბილისში ტაქსების რეფორმა წარმატებით განხორციელდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ქალაქში A კატეგორიის დაახლოებით 11 000 ტაქსია რეგისტრირებული.
„ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმა, მართლა წარმატებული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეფორმაზე ოპონენტების მხრიდან სერიოზული შეტევები მოდიოდა. დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რეფორმა შედგა და პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მინდა, სტატისტიკის სახით მოგაწოდოთ ინფორმაცია დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით. A კატეგორიის ტაქსები ქალაქში დაახლოებით 11 000-ია რეგისტრირებული, რომელიც ქალაქის მოსახლეობას ემსახურება. მართალია პირველი დღეების განმავლობაში გაცილებით ნაკლები იყო და გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა ეს პრობლემა ახლა მოგვარებულია.“, - აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, რეგისტრირებული ავტომობილების დაახლოებით 30%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა. დედაქალაქში მოძრავი A კატეგორიის ტაქსის ის მძღოლები, რომელთაც ავტომანქანის ყველა ნაწილი არ აქვთ შეღებილი ან ფირი სრულად გადაკრული, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან.
„კატეგორიულად მიუღებელია, რომ ავტომანქანა სრულად არ იყოს შეღებილი ან ფირი სრულად არ ჰქონდეს გადაკრული და ისე დადიოდეს. გქონდეთ კომუნიკაცია ამ მძღოლებთან. მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ მსგავს შემთხვევაში, დაჯარიმდებიან და რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ფირის გადაკვრა ან გადაღებვა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებმა თავიანთი ავტომანქანები იმ სტანდარტის ფარგლებში უნდა მოაქციონ, რომელიც მუნიციპალიტეტის მხრიდან არის დაწესებული.