
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ჰესების მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით წინ მიიწევენ და იმედს იტოვებს, რომ წლის ბოლომდე მშენებლობასაც იზეიმებენ. მინისტრი ამბობს, რომ ერთ-ერთი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ნამახვან ჰესი ვითარდება და მისი ინვესტორები აბრეშუმის გზის ფორუმსაც ესწრებიან.
„ჰესებთან დაკავშირებით, სამშენებლო ნებართვის აღებისკენ წინ მივიწევთ. შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე მშენებლობის დაწყებასაც ვიზეიმებთ", - განაცხადა თურნავამ.
როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის ნენსკრა ჰესი არის ერთ-ერთი მსხვილი საფუძველი და იქაც სიტუაცია მშვიდად მიმდინარეობს.
„ნენსკრაზე მიმდინარეობს ახალი კონტრაქტორის შერჩევა, ამასობაში გრძელდება ჭუბერში სამუშაოები, დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის თვალსაზრისით. სამინისტრო სვანეთში ხუდონჰესის მშენებლობაზეც უნდა ჩამოყალიბდეს. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ ძალიან მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული რომ მცირე, მწვანე, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უვნებელი პროექტები წინ წავწიოთ. ხოლო ენერგეტიკა საინვესტიციოდ მიმზიდველ დარგად რჩება“, - აცხადებს თურნავა.