საქართველოს გენერალური პროკურატურა, სახალხო დამცველის მოწოდებას - საგამონაკლისო წესით მისცემოდა საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომა, სპეციალური განცხადებით ეხმაურება და უარის თქმის მიზეზს განმარტავს.
როგორც განცადებაში ვკითხულობთ, სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მე-18 მუხლის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს, შემოწმების ჩატარებისას გაეცნოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ მხოლოდ იმ საქმეებს, რომლებზეც მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული.
"შესაბამისად, რადგან კანონმდებლობა სახალხო დამცველის მიმართ რაიმე საგამონაკლისო წესს არ ითვალისწინებს, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს წერილობით აცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა ვერ უზრუნველყოფს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის საქმის გაცნობას.
ამასთან, საქართველოს პროკურატურა კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს კანონის გათვალისწინებით განაგრძოს სახალხო დამცველის საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა. სახალხო დამცველის აპარატს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, შესაძლებლობა აქვს პროკურატურაში გაეცნოს იმ საქმეთა მასალებს, რომელთა ხელმისაწვდომობასაც მისთვის საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს“ - ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
სახალხო დამცველისთვის ილია ჯიშკარიანის ბრალდების საქმის მასალები გაცნობაზე პროკურატურის უარს დაუსაბუთებელს უწოდებს თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა და ეჭვობს, რომ პროკურატურა რაღაცას მალავს.
“არ არის განმარტებული მოტივი, რატომ ეთქვა უარი სახალხო დამცველს საქმის მასალების გაცნობაზე. სწორედ ამიტომ გაგვიჩნდა ეჭვი, რომ, სავარაუდოდ, რაღაც დასამალი აქვს პროკურატურას, რადგან ჩვეულებრივ გახმაურებულ საქმეებზე და არა მარტო გახმაურებულ საქმეებზე, ისეთებზეც, რომელსაც გრიფი ადევს, სახალხო დამცველს ჰქონდა წვდომა. ჩვენს საქმეზე თავიდანვე მაქსიმალური საჯაროობა იყო და დაზარალებული ითხოვდა, საქმის ყველა დეტალი გასაჯაროებულიყო“, - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს წევს, ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს, მისი ბიუროს ყოფილი თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ ,სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე წარუდგინეს. პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო, ხოლო ილია დევდარიანს აღმკვეთ ღონისძიებად 10000 ლარიანი გირაო შეეფარდა.