გიორგი გახარიას განცხადებით აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმ მაღალი ხარისხის პარტნიორულ ურთიერთობას,მრომელიც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან აქვს. -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.
პრემიერმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებული კენჭისყრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ერთხმად იყო მიღებული.
„მსურს აღვნიშნო, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამ აქტშია ხაზგასმული. პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. ასევე, ერთმნიშვნელოვნად ხაზგასმულია საქართველოს უსაფრთხოების კონტექსტის გაძლიერების აუცილებლობა. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ იმ წინადადებას, რომელიც ამ აქტში იყო გამოთქმული შესაბამისი შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ", - განაცხადა გახარიამ.
პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია აქტის ის კომპონენტი სადაც საუბარია შესაძლო თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე სამუშაობის გააქტიურებაზე. მისი განცხადებით ეს ყველაფერი სრულიად ახალ ხარისხობრივ საფეხურზე გადაიყვანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.
„ეს არის დადასტურება იმ წარმატებული რეფორმებისა და დემოკრატიზაციის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობს. ჩვენ იმავე შემართებით, კიდევ უფრო ეფექტიანად უნდა გავაგრძელოთ ეს ხაზი“, - განაცხადა პრემიერმა.