ამ წუთებში რუსეთ-საქართველოს ლარსის გამშვებ პუნქტში რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირების პროცედურა მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაადასტურა და განმარტა, რომ ბრძანებას 30 სექტემბერს, მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც საქართველოს, სასამართლოებმა რუსეთის ფედერაციის მიერ ძებნილის სამშობლოში ექსტრადირება დასაშვებად ცნეს.
თეა წულუკიანის განცხადებით, სუმბაევის ადვოკატები ტყუოდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ საქართველოს მხარე არ ელოდება პასუხს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოდან, სადაც ექსტრადირების გადაწყვეტილება იყო გასაჩივრებული. მან ჟურნალისტებს გააცნო სტრასბურგის სასამართლოდან მიღებული, 6 სექტემბრით დათარიღებული წერილი, რომლის მიხედვით - სტრასბურგის სასამართლო უარს ამბობს სუმბაევის ექსტრადიციის შეჩერებაზე. წულუკიანის ინფორმაციით, ეს წერილი ადვოკატ სოსო ბარათაშვილის სახელზეც იყო გამოგზავნილი.
„სტრასბურგის სასამართლო არ თვლის, რომ სუმბაევი შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე ტიპის არაადამიანურ მოპყრობას. გაგიკვირდებათ, მაგრამ იგივე წერია იუსტიციის მინისტრის 30 სექტემბრის ბრძანებაშიც, რომ ეს ვარაუდები დასაბუთებული არ არის. რაკი ადვოკატებმა საზოგადოება შეცდომაში შეყვანა გადაწყვიტეს, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მათ პატიმარსაც არ აუხსნეს, რომ ექსტრადიციის შეჩერების შესახებ მათი საჩივარი მარცხით დასრულდა. მოვუწოდებ ყველა ადვოკატს, ვინც საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფ უცხოელს იცავს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო აურზაურისგან. საქართველო შეიძლება გახდეს თავშესაფარი მათთვის ვისაც ეკუთვნის, მაგრამ საქართველო არ იქნება დამნაშავეთა თავშესაფარი, ვისაც სურს თავის ქვეყნის მართლმსაჯულებას დააღწიოს თავი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ადვოკატი სოსო ბარათაშვილი „ლიბერალთან" საუბარში აცხადებს, რომ მათ შეცდომაში არავინ შეუყვანიათ. რეალურად სუმბაევის საქმე წარმოებაშია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და მისი არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ეს გადაწყვეტილება კი, რომელის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა, შეეხებოდა დროებითი ღონისძიების სახით, მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნას, რომ ვიდრე საქმეზე მიღებული არ იქნებოდა საბოლოო გადაწყვეტილება, სტრასბურგს შეეჩერებინა ექსტრადიციის პროცესი. „ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც ბუნებრივია იცოდა სუმბაევმაც" - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.
ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძის განცხადებით, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირება რუსეთში მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის დამღუპველია, რადგან მას იქ ფიზიკური განადგურება ელოდება.
სახალხო დამცველი იაროსლავ სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, ექსტრადირებულ პირს სიკვდილით არ დასჯიან.
„მას ჰქონდა მიმართული სახალხო დამცველისთვის. მოთხოვნა იყო ის, რომ ექსტრადირების შეთხვევაში შეიძლებოდა დაქვემდებარებოდა სიკვდილის დასჯას და ეს იყო მათი მხრიდან მოთხოვნა. ჩვენ გადავამოწმეთ და რამდენადაც მე ვიცი, ექსტრადირების შემთხვევაში, ის არ დაექვემდებარება სიკვდილით დასჯას, ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გადავამოწმეთ. სხვა მიმართვა ან განცხადება ჩვენი მისამართით არ ჰქონია და არ შეგვიძლია უფრო მეტის გაკეთება" - ამბობს სახალხო დამცველი.
რუსული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, რუსი სამართალდამცავები ასტრახანის მკვიდრს იაროსლავ სუმბაევს ჰაკერების ორგანიზებული ჯგუფის ლიდერად მოიხსენიებენ, რომლებიც ტუროპერატორების მონაცემებს იპარავდნენ და ყალბ სარკინიგზო ბილეთებს ყიდდნენ.
რუსეთში სუმბაევის ე.წ. „ბილეთების“ საქმეს იძიებდა გამომძიებელი ევგენია შიშკინა, რომელიც 2018 წლის 10 ოქტომბერს მოკლეს. 2019 წლის მარტში პოლიციამ მკვლელობის უშუალო შემსრულებელი და შუამავალი დააკავა. შიშკინას ოჯახი მკვლელობის შეკვეთაში ეჭვმიტანილად იაროსლავ სუმბაევს მიიჩნევს.
სუმბაევი საქართველოში 2017 წლის ზაფხულში ყალბი დოკუმენტებით შემოვიდა. იგი ქართველმა სამართალდამცავებმა 2018 წლის 5 ნოემბერს თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენისა და ყალბი პასპორტის გამოყენების ბრალდებით დააკავეს. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 26 ნოემბერს მიმართა.
სუმბაევის ადვოკატის ვახტანგ კვიჟინაძის ინფორმაციით, მისმა დაცვის ქვეშ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პოლიციელთა მხრიდან გატაცების მსხვერპლი იყო. „იაროსლავ სუმბაევმა საგამოძიებო უწყებას დეტალური ჩვენება მისცა, ასევე ჩატარდა ამოცნობები. ჩვენებაში ის საუბრობს ყველაფერზე, მათ შორის პოლიციელების მხრიდან ფულის გამოძალვაზე. ფულის გამოძალვაში მონაწილეობდნენ როგორც პოლიციელები, ასევე სპეცსამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი. საუბარია დაახლოებით, 50 000 აშშ დოლარამდე. ამასთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება. ვინ არის დაკითხული და ვინ არა, ვერ გეტყვით, ზუსტად არ ვიცნობ საქმის მასალებს, მაგრამ ჩვენი მხრიდან ჩვენება ამომწურავად იქნა მიცემული", - განაცხადა ადვოკატმა.