საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათშორისი კომისია შეიქმნა. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, 1990-იანი და 2008 წლის შეირაღებული კონფლიქტების შედეგად დაკარგულად ითვლება 2 500-მდე ადამიანი. 2010 წლიდან წითელი ჯვრის ეგიდით ფუნქციონირებს ორი მექანიზმი ორმხრივი - ქართულ-აფხაზური და სამმხრივი - ქართულ-რუსულ ოსური მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც დღემდე 187 სამარხის გახსნა მოხერხდა. აქედან 178 პირის იდენტიფიცირება მოხდა.
„მათი ნეშტები დაუბრუნდა ოჯახებს. თუმცა საერთო ციფრს თუ შევადარებთ, ცხადია, აშკარა ხდება, რომ 2 300 ადამიანი კვლავ რჩება უგზო-უკვლოდ დაკარგულად სიაში, რაც არის ძალიან დიდი ციფრი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავებს, რომ კიდევ უფრო ეფექტური გახდეს მუშაობა, რა თქმა უნდა, წითელ ჯვართან ერთად, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ პროცესში. მინდა, საერთაშორისო ორგანიზაციას მადლობა გადავუხადო ამ პროცესის წარმატებით წარმართვისთვის. მინდა, ამ მექანიზმების ყველა მონაწილეს მადლობა გადავუხადო ვინაიდან, მათთან თანამშრომლობის გარეშე ამ სფეროში არაფერი გამოვა", - განაცხადა ციხელაშვილმა.
კომისიის შემადგენლობაში შედის ათი სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. ციხელაშვილმა მოუწოდა ყველას მიმართონ კომისიას თუ კი რაიმე სახის ინფორმაცია აქვს შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაკარგულებთან.