18 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია წალკის რაიონის დაბა ბედიანში მდებარე ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დახურვის შესახებ. როგორც საავადმყოფოს პერსონალმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ „ლიბერალს" განუცხადა, ისინი საავადმყოფოს დახურვას და მის ნარკოლუგიურ ცენტრად გადაკეთებას აპროტესტებდნენ. მათ ადგილზე მორებიც კი ჰქონდათ მიტანილი, რათა დაწესებულებიდან პაციენტები ავტომობილებით არ გაეყვანათ.
„ლიბერალი“ ბედიანში დღეს არსებული სიტუაციით დაინტერესდა. როგორც ადგილობრივი მცხოვრები, დავით ბენდელიანი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ამ ეტაპზე სიტუაცია სტაბილურია და საავადმყოფოს პერსონალს, რომელთა უმეტესობა სოფლის მცხოვრებლები არიან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა და მათ პირობა მისცა, რომ პაციენტებს ეტაპობრივად, ახალწლამდე გაიყვანენ და სხვადასხვა დაწესებულებებში გადაანაწილებენ, მათ კი სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდებათ.
„მას შემდეგ რაც ადგილობრივებმა ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დახურვა გააპროტესტეს, ჩვენთან შესახვედრად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ჩამოვიდა. პერსონალს შეხვდა და დაჰპირდა, რომ თუნდაც დაწესებულება ნარკოლოგიურად გადაკეთდეს, მათ სამუშაო ადგილები მაინც გარანტირებულად ექნებათ. არ ვიცი, ამას როგორ იზამენ და ბიუჯეტი ახალიწლის შემდეგ როგორ დამტკიცდება, მაგრამ რასაც დაჰპირდა პერსონალს ეს არის. ამიტომაც ადგილობრივბემა პაციენტების გაყვანის საშუალება მისცეს. ჯერ ყველაზე მძიმე ბენეფიციალების გადაყვანა მოხდება. მათ ახალწლამდე სრულად გადაანაწილებენ. ვნახოთ, იმედია, რომ დაპირებას შესარულებენ. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია მშვიდია.“ - აცხადებს ბენდელიანი „ლიბერალთან“.