თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ დღეს სამსახურში მისვლის ნება არ დართო. როგორც ცნობილია სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ დეპუტატს სასამართლოს გადაწყვეტილებით 10 000 ლარიანი გირაოს გარდა, საქმის დასრულებამდე აეკრძალა დაზარალებულად ცნობილ თამთა თოდაძესთან მიახლოება და დაკითხულ მოწმეებთან კომუნიკაცია, სპეციალური ნებართვის გარეშე.
სწორედ ამ ნებართვის მოსაპოვებლად მიმართა ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა პროკურატურას, თუმცა მათგან უარი მიიღო. როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა დეპუტატი თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გარკვეული ვალდებულებების შესასრულებლად ოფისში უნდა გამოცხადებულიყო. „ჩვენ თავი წინასწარ დავიზღვიეთ, რომ სასამართლოს შეზღუდვა არ დაგვერღვია და წინასწარ მოვითხოვეთ, ილია ჯიშკარიანისთვის ნება დაერთოთ, რომ სამსახურში საქმიან ფარგლებში, თავისი უფლება-მოვალეობიდან გამომდინარე განეხორციელებინა კომუნიკაცია, რაზეც პროკურატურისგან უარი მივიღეთ. ჯერჯერობით, ამის საშუალება პროკურატურის მხრიდან არ მოგვეცა. ამით არა მხოლოდ ილია ჯიშკარიანი, არამედ მოქალაქეები ზარალდებიან", - განაცხადა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს მისი ბიუროს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი აქვს წარდგენილი.