
სახალხო დამცველი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ საპყრობილეებში დაკავებულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობამწვავე პრობლემად რჩება და საზოგადოებას შეახსენებს, რომ სწორედ ცხინვალის იზოლატორში განხორციელებულ წამებას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი.
„სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია და ვიდეო მასალა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობას. წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება მოქალაქეთა დაკავებები საოკუპაციო ხაზზე, პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში“.
სახალხო დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების როლის გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობს: „შექმნილი მძიმე ვითარება და გავრცელებული კადრები, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცეთ საშუალება დააკვირდნენ და შეისწავლონ ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევები კონფლიქტურ რეგიონებში. ამასთან საგულისხმოა, რომ წამების შემთხვევებზე ნებისმიერი სახელმწიფო უფლებამოსილია გამოიძიოს, ბრალი წაუყენოს, დასაჯოს ან ექსტრადირება განახორციელოს წამებაში ეჭვმიტანილი პირის, თუ ასეთი პირი მისი იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, მიუხედავად იმისა, თუ სად მოხდა დანაშაული, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დამნაშავე ან მსხვერპლი“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
სახალხო დამცველი ასევე მიუთითებს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოზე, რომელიც საერთაშორისო სამართლით ვალდებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვა.
შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, ასახულია ცხინვალის წინასწარი დაკავების საკანში ადგილობრივი სპეცდანიშნულების რაზმის „ომონის“ თანამშრომლების მიერ პატიმრების ცემის ფაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავთა ძალადობას სავარაუდოდ, წინ უძღოდა პატიმრების მიერ შიმშილობის გამოცხადება.