„ლელო“ როგორც პოლიტიკური პარტია 12 დეკემბერს დაფუძნდება. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ დღეს, „ლელოს“ მორიგი 12 წევრის წარდგენისას განაცხადა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, პარტიაში გაწევრიანება ღია იქნება, მისი ოფისი კი „თბილისი ცენტრალში“ განთავსდება.
„ლელო“ როგორც პოლიტიკური პარტია 12 დეკემბერს დაფუძნდება. ეს იქნება დამფუძნებელი ყრილობა და ვაცხადებთ, რომ მიუხედავად იმისა, უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი შემოგვიერთდა, პარტიაში გაწევრიანება ღია იქნება. პირადად შევხვდები იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს პარტიაში გაწევრიანებას დააპირებენ, ხელს ჩამოვართმევ, გავესაუბრები და თვალებში ჩახედვით მათ პრობლემებს გავიგებ, რათა დამარცხებული მდგომარეობიდან ქვეყანა ერთად გამოვიყვანოთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, „თბილისი ცენტრალში“ ოფისის გახსნა სპეციალურად გადაწყდა, რადგან ყველა გზა მათთან მიდის. ყველა მატარებელი მათ ოფისთან შევა.
„მგზავრები რეგიონიდან, მგზავრები საავტომობილო ტრანსპორტით, სწორედ აქ იკრიბება ყველა მოქალაქის პრობლემა და ჩვენ თითოეულ მათგანთან გვექნება დიალოგი. ეს პარტია იქნება არა ვიღაცის, არამედ თქვენი პარტია. ეროვნული თანხმობის გაერთიანებით ერთობლივად უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან “, -აღნიშნა ხაზარაძემ.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" ახალი წევრები არიან:
ლევან ასლანიშვილი - ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი. საჯარო მოსამსახურე, მუშაობს თბილისის მერიაში
ანი ბიბილაშვილი - არქიტექტორი
კახა ჯუღელი - ინჟინერი
ნინი შათირიშვილი - ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი
თამაზ სეფიაშვილი - კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი
ხათუნა ბერიშვილი - ლობჟანიძე - დიასახლისი
ბექა ყულოშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი
გიორგი მკრტიჩიანი - კომუნიკაციების სპეციალისტი
დათო მესხი - ბუღალტერი
დავით დარბაიძე - ინჟინერ-მექანიკოსი, ინჟინერ-ჰიდრავლიკოსი
ნატალია დევდარიანი - უცხო ენების სპეციალისტი
თათია ჯიმშიტაშვილი - სამართალმცოდნე