შესაძლოა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს საბჭოს უფლებამოსილება შეუწვიტონ. ამის შესახებ მოთხოვნა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა. აღნიშნულის შესახებ მიმართვა საბჭოს წევრებს დიმიტრი გვრიტიშვილმა წარუდგინა.
გვრიტიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტისადმი ამ მიმართვის მთავარი მიზანი ის გარემოებაა, რომ დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. ეს კი საბჭოს წევრის სტატუსისთვის შეუთავსებელია. გვრიტიშვილს ამის დასამტკიცებლად ანა დოლიძის განცხადება მოჰყავს, სადაც ის პრემიერის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს.
იუსტიციის საბჭოს წევრების მიერ პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში ასევე ნათქვამია, რომ:
„ანა დოლიძე სისტემატურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას და მისი ქმედებები არამხოლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ ზიანს აყენებს მის თანამდებობაზე დამნიშნავ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტსაც“, - წერია წერილში, რომელიც პრეზიდენტს გაუგზავნეს.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დანიშნული წევრია.
„ლიბერალი“ დოლიძესთან დაკავშირებას და ამ ფაქტზე კომენტარის მოპოვებას შეეცადა, თუმცა მან განგვიცხადა, რომ ის მედიისთვის სპეციალურ ბრიფინგს ამ თემაზე 14:00 საათზე გამართავს.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ანა დოლიძისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილების შესაძლო შეჩერების თაობაზე კომენტარს აკეთებს. მარგველაშვილი ამბობს, რომ ახლა ამ გადმოსახედიდან, უაღრესად უხარია მისმა შერჩეულმა კანდიდატმა, მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, ასეთი პრინციპული როლი ითამაშა. ამის შესახებ კომენტარი პრეზიდენტმა „ინტერპრესნიუსთან“ გააკეთა. ხოლო იუსტიციის საბჭოს მიერ მოქმედი პრეზიდენტისთვის დოლიძის გავწვევასთან დაკავშირებული მიმართვა უკომენტაროდ დატოვა.
„იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება ანა დოლიძეს და მის პროფესიონალიზმს, ამაზე შემიძლია მართლა ბევრი ვისაუბრო. ახლა იმ როლით ამაყი ვარ, რომელსაც ანა დოლიძე სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში ასრულებს. უაღრესად მიხარია, რომ ჩემმა შერჩეულმა კანდიდატმა ასეთი რთულ ვითარებაში, ასეთი პრინციპული როლი ითამაშა. მისი ყოველი გამოსვლისას ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში ვრწმუნდები,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.