ანი დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მისი დათხოვნის ინიციატივას მის მიმართ დაწყებულ პოლიტიკური დევნას უკავშირებს, რაც სასამართლოში ჩაბულდებულ მანკიერ სისტემასთან მისი უკომპრომისო ბრძოლით იქნა გამოწვეული.
„მოსახლეობას მოეხსენება ჩემი აქტიურობა დემოკრატიასთან, მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებასთან მიმართებაში. სხვა ბევრ ადამიანთან ერთად მოვახერხე და ვამაყობ, რომ იმ მანკიერ სისტემას, რომელიც დაბუდებულია ჩვენს მართლმსაჯულებაში, სამართალდამცავ ორგანოებში, არაერთი დარტყმა მეც მივაყენე. გასაგებია, რომ ჩემი გუშინდელი ღამის ეთერის შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ შეწუხებულია კრიტიკული ხმების აქტიურობით და ასევე განსაკუთრებით შეწუხებულია „ქართული ოცნების“ ინტერესების განმახორციელებელი იუსტიციის საბჭოს უმრავლესობა. ის იმდენად შეწუხებულია კრიტიკული ხმების აქტიურობით, მათშორის ჩემი სახით, რომ დღეს მიიღეს სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, წარდგინებით მიემართათ პრეზიდენტისთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
მისივე განცხადებით, მის მოქალაქეობრივ მოვალეობად მიაჩნია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების საკითხებზე განცხადებების გაკეთება, თუმცა იუსტიციის საბჭოს ზოგიერთ წევრს არ აქვს სურვილი, უნარი, გაარჩიოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა.
რაც შეეხება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრობასა და იუსტიციის საბჭოს წევრობის შეუთავსებლობას, ანა დოლიძე განმარტავს, რომ რეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის საბჭოს წევრს, ეკრძალება მხოლოდ კომერციულ სამეწარმეო პირების საქმიანობაში მონაწილეობა, საიას გამგეობის წევრობა კი წარმოადგენს არასამთავრობო, არასამეწარმეო პირის საქმიანობაში მონაწილეობას, რაც მისი სტატუსისთვის დაშვებულია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, რომ პრეზიდენტის კვოტით წარდგენილ არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყვიტოს.
გვრიტიშვილი, ამ ინიციატივის მოტივად ასახელებს ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობას, რაც, მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.
პოლიტიკურად აქტიურობის გარდა, გვრიტიშვილი კოლეგას დისციპლინასაც უწუნებს. „იგი სისტემატიურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას. მისი ქმედებები არამხოლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ ზიანს აყენებს მის თანამდებობაზე დამნიშვნელ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტსაც“, – აღნიშნულია პრეზიდენტისადმი მიმართვაში, რომელიც გვრიტიშვილმა დღეს საბჭოს წევრებს გააცნო.
ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პრეზიდენტისადმი მიმართვას საბჭოს სხვა მოსამართლე წევრებიც მხარს უჭერენ. საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით ანა დოლიძე ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, რაც მისი თქმით, უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია. ირაკლი შენგელიამ კი სხდომაზე წარმოადგინა დოკუმენტები, რომლითაც მისი თქმით, ანა დოლიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრად ირიცხება, რაც მისი შეფასებით, საბჭოს წევრისთვის შეუთავსებელი საქმიანობაა.
ანა დოლიძის გაწვევის შესახებ ასევე დადებითი პოზიციები დააფიქსირეს საბჭოს წევრებმა, ვასილ მშვენიერაძემ, ირაკლი ბონდარენკომ, რევაზ ნადარაიამ.
იუსტიციის საბჭოდან კოლეგის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტისადმი მიმართვას მხარი არ დაუჭირა არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა. როგორც მან „ლიბერალთან“ საუბარში განაცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებას მაშინ ექნებოდა ფასი, თუ იგივე სტანდარტს გაავრცელებდნენ პოლიტიკური განცხადებებიც გამორჩეულ სხვა კოლეგებზე, მაგალითად აქტიურობით გამორჩეულ მოსამართლე წევრებზე, რომლებიც ხშირად აკეთებენ განცხადებებს პოლიტიკოსებთან მიმართებაში. ჯანეზაშვილს მაგალითად მოჰყავს ლევან მურუსიძე, რომელიც პოლიტიკურ დებატებში იღებდა მონაწილეობას და საბჭოს ამ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია. რაც შეეხება კანონმდებლობას, როგორც ჯანეზაშვილი განმარტავს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში მართლაც აწესებს შეზღუდვებს, კერძოდ არამოსაამრთლე წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან, და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრად საქართველოს წინა პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ 2018 წლის 8 იანვარს გამოცემული განკარგულებით, ოთხი წლის ვადით იქნა დანიშნული. ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თავის დროზე დოლიძის კანდიდატურის წარდგენით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებებზე კომენტარს ნამდვილად არ გავაკეთებ. რაც შეეხება ანა დოლიძეს და მის პროფესიონალიზმს, ამაზე ნამდვილად შემიძლია ბევრი ვისაუბრო. მე ამაყი ვარ იმ როლით, რომელსაც ანა დოლიძე ყოველდღიურად ასრულებს სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში. უაღრესად მიხარია, რომ ჩემმა შერჩეულმა კანდიდატმა ასეთი უაღრესად პრინციპული როლი ითამაშა ასეთ რთულ ვითარებაში. მისი ყოველი გამოსვლისას ვრწმუნდები ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში,“ - განაცხადა მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.
დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას შეფასებით სასამართლოსადმი მოქალაქეთა ნდობას ყველაზე მეტად ის მოსამართლეები აზიანებენ, რომლებიც საკუთარ პროფესიას უღირსად წარმოაჩენენ. სწორედ ამ კატეგორიის მოსამართლედ მიიჩნევს დეპუტატი ინიციატივის ავტორს და აცხადებს - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თუ ვინმეს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, ეს დიმიტრი გვრიტიშვილია.
„მე მივმართავდი იმ კონფერენციას, რომელმაც გვრიტიშვილი დაასახელა იუსტიციის საბჭოს წევრად, თუ ვინმეს უნდა შეუწყდეს საბჭოში უფლებამოსილება, ეს არის დიმიტრი გვრიტიშვილი. თუ ვინმეს არ უნდა ჰქონდეს მოსამართლედ ყოფნის სტატუსი, ეს არის გვრიტიშვილი და მსგავსი მოსამართლეები. მათი უფლებამოსილების საკითხია მართლაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ და სახიფათო მოქალაქეებისთვის, რომლებიც მათ ხელში ხვდებიან. ძალიან სამწუხაროა, თუ სასამართლო ხელისუფლება დღემდე ვერ იაზრებს, რამდენად დიდი ზიანი მოაქვთ გვრიტიშვილსა და მსგავსი ტიპის ადამიანებს მათი სანდოობისა და იმიჯისთვის. ეს მართლაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა ბესელიამ.