დღეს, 25 ოქტომბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ მოსამართლესა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ლალი ფაფიაშვილს უსმენენ. ფაფიაშვილი განიხილავდა ისეთ გახმაურებულ საქმეებს როგორიცაა - ე.წ „კაბელების საქმე" და „რუსთავი 2-ის” საქმეები.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ლალი ფაფიაშვილს ჰკითხა, როგორ აფასებდა ის ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობას 2004-2007 წლებში, როდესაც ის ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ: „ვისაც ნანახი აქვს, რა მდგომარეობა იყო პენიტენციურ დაწესებულებებში (2004-2007 წლებში), მას ის არასდროს დაავიწყდება“.
„ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების გაყვანა ვერ ხორციელდებოდა შესაბამის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში და ინფრასტრუქტურა იყო აბსოლუტურად გაუმართავი. იმას, ვისაც აქვს ნანახი, რა მდგომარეობა არსებობდა იმ პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში, ვფიქრობ, რომ ეს არასოდეს დაავიწყდება“, - განაცხადა ფაფიაშვილმა.
სოფო კილაძე ასევე დაინტერესდა ზოგადად როგორ შეაფასებდა ის ადამიანის უფლებების მდგომარეობას ქვეყანაში, არა მხოლოდ სასჯელაღსრულების სისტემაში, არამედ პოლიციაში, პროკურატურაში.
ლალი ფაფიაშვილი თქმით, ის პოლიტიკურ შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან სხვა ფორმატშია. „ალბათ, შეცდომები ნებისმიერ ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს, ამისგან არავინ არის დაზღვეული. აქ საუბარი შეიძლება იყოს მასშტაბზე და გამოსწორების სურვილი რამდენად არსებობს... ჩემთვის ობიექტური ინდიკატორი შეიძლება იყოს ისევ და ისევ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები“, - ამბობს ის.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დღეს კომიტეტის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ გენდერული კვოტების გაზრდას არ ემხრობა.
ფაფიაშვილი განმარტავს, რომ ქალებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება უნდა მიეცეთ და მათთვის ისეთივე ადვილი უნდა იყოს, მაგალითად, პოლიტიკაში შესვლა, როგორც ეს კაცებისთვის არის.
„შესაძლებლობა თანაბარი უნდა იყოს, მაგრამ ეს არ უნდა ხორციელდებოდეს კვოტირების გზით. ზოგადად მიმაჩნია, რომ თუ შესაძლებლობა თანაბარია, ამ შემთხვევაში კვოტირების საჭიროება არ არსებობს. ვფიქრობ, სიაში პირის შეყვანა იმის გამო კი არ უნდა ხდებოდეს, რომ ის სქესის მიხედვით იმსახურებს ამას ან იქიდან გამომდინარე, რომ კანონი ითვალისწინებს“, - ამბობს კანდიდატი.
მისივე თქმით, პოზიტიური დისკრიმინაცია დროებითი ღონისძიების სახით შეიძლება იქნას გამოყენებული, იმ მიზნით, რომ ამ ქალების წახალისება მოხდეს.
„მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ეს თავად ქალების აქტიურობაზეა დამოკიდებული. რამდენად აქტიურები არიან ისინი, რამდენად გამოდიან იმ სტიგმიდან, რაც ზოგადად არის ჩამოყალიბებული,” - ამბობს კანდიდატი.
ლალი ფაფიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ პარლამენტმა 2007 წელს დანიშნა. 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ის სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია.