მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი მეუფე ანანია პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან მეუფე იაკობის გადადგომას ეხმაურება.
მეუფე ანანია „ინტერპრესნიუსთან“ ამბობს, რომ მას გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად რომ არ მიეღო, ეს საკითხი ალბათ სინოდის დღის წესრიგში მაინც დადგებოდა. მეუფე ანანია ამბობს, რომ მეუფე იაკობის საუბრის სტილი და ლექსიკა მისთვის შოკისმომგვრელი იყო.
„ისეთი საკითხები გააჟღერა მეუფე იაკობმა, რომ ეს არის საერო საკითხები, ერის წარმომადგენლებს ეხება და ამიტომაც ამ საკითხით საერო სამართალი უნდა დაინტერესდეს. რაც შეეხება განცხადებას, როდესაც ვნახე ეს იყო ჩემთვის შოკი, წარმოუდგენელი იყო შინაარსიც და მეტყველების სტილიც. იაკობი მეუფედ რჩება, ქორეპისკოპოსი პატრიარქის დამხმარეობას ნიშნავს. ის ეხმარებოდა პატრიარქს თბილისში, ახლა მხოლოდ თავის ეპარქიაში იქნება, სადაც არის და დავალებებს პატრიარქისგან აღარ მიიღებს“, - განაცხადა მეუფე ანანიამ.
ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადება მეუფე იაკობმა რამდენიმე წუთის წინ, საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან გააკეთა.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს ტვ „პირველის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა. გახარიამ კი მის ბრალდებებს სისულელე უწოდა.