კომპანია Meridian Capital NL B.V-მ ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განცხადების მიხედვით, ამერიკული კომპანია Conti International-ის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად კომპანია Meridian Capital NL B.V. წარუდგინა.
Conti International-ის ჩამნაცვლებელი ინვესტორის მოწონების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა საინვესტიციო ხელშეკრულებით მიმდინარე წლის 29 ოქტომბრით განისაზღვრა.
თუმცა 28 ოქტომბერს Meridian-მა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა, რომელშიც დაადასტურა, რომ მოცემულ ეტაპზე ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა არ აქვს და მთავრობას მოწონების თაობაზე ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება სთხოვა. სამინისტრომ კომპანიის თხოვნა გაითვალისწინა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული Conti ჯგუფი პროექტში მონაწილეობას არ აპირებს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.