ე.წ. ახალგორის საზღვარზე საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს, მარგო მარტიაშვილს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის საშუალება არ მისცეს. მარგო მარტიაშვილი, რომელსაც ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს, მგზავრობისას გარდაიცვალა. ცხინვალიდან გამოძახებულმა სამედიცინო დახმარებამ, რთული რელიეფის და შორი მანძილის გამო ავადმყოფს დროულად ვერ მოუსწრო.
ახალგორის მოსახლეობა აცხადებს, რომ სიტუაცია საკმაოდ მძიმეა და ადგილობრივები ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგანან. ე.წ. ახალგორის საზღვარი უკვე ორი თვეა რაც ჩაკეტილია.
მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განცხადება შერიგების საკითხების მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა. მინისტრი ამბობს, რომ მოსახლეობისთვის ახალგორის ე.წ. საზღვრის გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ეს ტრაგედია ერთადერთი არ არის და მსგავსი ფაქტი ადრეც დაფიქსირდა. ის ოკუპანტებს მოუწოდებს, რომ ე.წ. საზღვრის გახსნა სასწრაფოდ მოხდეს.
„ეს არის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი. ყველას მოვუწოდებ დაუყოვნებლივ გახსნან ე.წ. საზღვარი. ახალგორზე დამოკიდებულები არიან არა მხოლოდ იქ მცხოვრები ქართველები, არამედ ოსებიც. ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე ახალგორთან ერთად ცხინვალიც იმყოფება. სიტუაცია საკმაოდ მძიმეა და ჩვენი მოსახლეობა სასწრაფო დახმარეობას საჭიროებს“,-აცხადებს ციხელაშვილი.