Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მივიღე გადაწყვეტილება სათავეში ჩავუდგე წყალტუბოს აღორძინების პროექტს - ივანიშვილის განცხადება

29 ოქტომბერი, 2019 13:37

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. ივანიშვილი წერს, რომ ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიან რეაბილიტაციაში, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი აღორძინების პროექტს სათავეში პირადად ჩაუდგეს.

ივანიშვილის განცხადებას  „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ივანიშვილი წერს, ის ამ პროექტს პირადი სახსრებით იწყებს და ის მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელდება.

„პრაქტიკამ ცხადყო, რომ ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიულ ადგილად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრა და მისი ნახტომისებრი განვითარება, სტანდარტული მიდგომით შეუძლებელია. საჭიროა მძლავრი კატალიზატორი, ერთგვარი ყინულმჭრელი, რომელიც მდგრადობას შესძენს პროექტს და საკუთარი მონაწილეობით დააზღვევს სხვის კერძო ინვესტიციას.

ამის საუკეთესო მაგალითია აბასთუმანი, რომელიც ისეთივე უნიკალური საკურორტო ადგილია, როგორც წყალტუბო, მაგრამ წყალტუბოს მსგავსად, იქაც ათეული წლებია, სახელმწიფომ ვერ მიიზიდა ინვესტორები. თუმცა, როგორც კი გაჩნდა აბასთუმნის მასშტაბური განვითარების გეგმა და გარანტია, კერძო ბიზნესი დიდი მონდომებით ჩაერთო პროექტში. შედეგად, აბასთუმანში, ამჟამად მშენებარე მაღალი კლასის ექვსი სასტუმროდან, მე მხოლოდ ერთს - „პარაგრაფს“ ვაშენებ, ხოლო დანარჩენ ხუთს: „რუმსს“, „რედისონს“, „ქრაუნპლაზას“, „რედიქს ჯგუფის“ ორ სასტუმროს - სხვა ქართველი ბიზნესმენები აშენებენ, ისევე, როგორც საშუალო და პატარა ზომის რვა სასტუმროს და ოთხასბინიან საცხოვრებელ აპარტამენტს. უკვე დაიწყო უნიკალური აბანოების აღდგენა, შენდება კაფეები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდნახევარ ლარს მიაღწია. სახელმწიფოც, შესაძლებლობების ფარგლებში, ცდილობს არ ჩამორჩეს კერძო ინიციატივას - გაყავს გზები, აწესრიგებს წყლის და სხვა ინფრასტრუქტურას, დაწყებულია ობსერვატორიის რეაბილიტაცია და სულ მალე გვექნება მსოფლიო დონის ასტროფიზიკური სამეცნიერო ცენტრი. თუმცა, სახელმწიფოსაც სჭიდება თანადგომა და ვინაიდან, მაქვს საშუალება და სურვილი, ვცდილობ, შევუმსუბუქო მას ტვირთი და სამედიცინო თუ სხვა, საზოგადოებრივი დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობას და აღჭურვას, აბასთუმანში, პირადი სახსრებით ვახორციელებ"- წერია განცხადებაში.

როგორც ივანიშვილი აცხადებს, მან გადაწყვიტა გამოისყიდოს უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში.

„ამავდროულად, საჯაროდ ვთავაზობ ქართულ ბიზნესს - მზად ვარ, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.

ამ ნაბიჯით მსურს, ერთი მხრივ, მივცე სიმყარე ბიზნესს, რათა ის ნებისმიერ ეტაპზე შემოუერთდეს პროექტს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს მივცე სტიმული, გარანტირებული ინვესტიციის პირობებში, მაქსიმალურად განავითაროს ინფრასტრუქტურა.

წყალტუბოს განვითარების ხედვა და კონცეფცია, რომლითაც ვაპირებ ვიხელმძღვანელო, ეყრდნობა წამყვანი შვეიცარული საკონსულტაციო კომპანიის, „KohL&Partners“ მიერ შემუშავებულ გეგმას, რომლის ფარგლებში, წყალტუბოში დამატებით უნდა აშენდეს ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და რესტორნები. იმავდროულად, დაგეგმილია საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა პროფილურ სპეციალობებში ჩვენი თანამოქალაქეების გადასამზადებლად - რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს, რომელიც წყალტუბოში უახლოეს პერიოდში შეიქმნება, კვალიფიციური კადრები დასჭირდება და ჩვენ მათი მომზადება უნდა უზრუნველვყოთ.

უდავოა, წყალტუბოს განვითარებით სარგებელს მიიღებს არა მარტო იმერეთის რეგიონი, არამედ რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, ხოლო რაჭის ახალი გზის დასრულების შემდეგ, ეს კიდევ უფრო გაადვილებს ტურისტებისთვის მარშრუტების დაგეგმვას ამ მიმართულებით.

წყალტუბოს გარშემო მდებარეობს ჩვენი ისტორიულ-კულტურული და ტურისტული მარგალიტები: გელათი, მოწამეთა, კაცხის სვეტი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გეგმის ხორცშესხმის კვალდაკვალ, ტურისტული ნაკადები ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წლების განმავლობაში, ფონდი „ქართუ“ ეხმარება სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციაში, მაგრამ მთელი რეგიონის გამოცოცხლებას, მის ნახტომისებურ განვითარებას, მეტი ბიძგი სჭირდება, სწორედ ამ ბიძგის მიმცემი გახდება წყალტუბოს აღორძინების პროექტი.

წყალტუბოს სიახლოვეს, ქუთაისთან განთავსებულია ორი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, აეროპორტი, დაგეგმილია სოფლის მეურნეობის ჰაბის მშენებლობა, რაც ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესისა და ტურისტების მოზიდვას.

დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასთან ერთად, წყალტუბოს სრულფასოვანი რეაბილიტაცია-განვითარება იმერეთის მხარეს გადააქცევს ჯანმრთელობის და ტურიზმის, ახალგაზრდობისა და განათლების მძლავრ, საერთაშორისო ცენტრად.

ჩემი გეგმის მიხედვით, წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია, გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი და კონკურენცია გაუწიოს დიდ მოთამაშეებს ცენტრალურ ევროპაში.

სანატორიუმების რეაბილიტაცია, წყალტუბოში, მინიმუმ რვა ათას ადამიანს დაასაქმებს. მათი აღდგენის შედეგად, წელიწადში საშუალოდ ექვსასიდან რვაას ათასამდე ტურისტის მიღების შესაძლებლობა გვექნება, რომ არაფერი ვთქვათ იმ თანამდევ მცირე ბიზნესების განვითარებაზე, რაც მოყვება კურორტის აღდგენას.

წყალტუბოს განვითარება იქ მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის გარეშე წარმოუდგენელია. გარდა ამისა, რომ უკვე დაწყებულია სამუშაოები სანატორიუმებში მცხოვრები ოჯახების შესაბამისი, ღირსეული საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად, მათი ასევე გაუჩნდებათ დასაქმების ახალი წყარო და პერსპექტივა"-წერს ივანიშვილი.

პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარის თქმით, საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 -20 000 ადამიანი.

„და ბოლოს, რატომ გამიჩნდა სურვილი და მოთხოვნილება, ასე საჯაროდ და დეტალურად მესაუბრა წყალტუბოს განვითარების პროექტზე? პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართულ ბიზნესს პირადად ჩემგან მოესმინა, რას ვგეგმავ და როგორი ფორმით ვთავაზობ მათ თანამშრომლობას. იმავდროულად, ვიცი, ამ საქმესაც გამოუჩნდებიან მძაფრი ოპონენტები. სამწუხაროდ, თეთრის შავად და შენების ნგრევად გამოცხადება, ჩვენს ქვეყანაში ბევრს დღემდე ეფექტურად გამოსდის, ამიტომ საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირება აუცილებლად ჩავთვალე. დარწმუნებული ვარ, ინფორმირებული საზოგადოება სწორ დასკვნებს გამოიტანს"- ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^