„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი „ქართული ოცნების“ წევრების იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 2020 წელს მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ კოალიციის შექმნა არ დასჭირდებათ. ინაშვილი „ოცნების“ დეპუტატებს მოუწოდებს, რომ წინასწარ „პროცენტების ბრახაბრუხისგან" თავი შეიკავონ. ინაშვილმა უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოუწოდა, რომ განიავდნენ, რადგანაც ჩრდილოეთ კორეაში არ არიან.
„განიავდით, ნუ აბრახუნებთ ამ პროცენტებს. ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ ხართ?! ეტყობა, ხართ ჩრდილოეთ კორეაში თქვენი აზროვნებიდან გამომდინარე“,-აღნიშნა ინაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ის ხელისუფლებაა, რომელსაც არაფრის დათმობა და გაყოფა არ უნდა, ასეთი აზროვნება კი ცუდად მთავრდება.ინაშვილი ამბობს, რომ რაღაც წითელი ხაზები მათაც აქვთ გავლებული, ამიტომ „ოცნებას“ კოალიციის შექმნას არავინ ეხვეწება.
„ვინმე გეხვეწებათ რაიმე კოალიციის შექმნას? ან რაიმე პარტნიორობას? 2020 წლის არჩევნებისთვის რეალობას უნდა დაელოდოთ. მერე სხვანაირად აჭიკჭიკდებით, გარწმუნებთ", — თქვა ინაშვილმა.
მისივე თქმით, მუდმივად გვესმის, რომ ქართული ოცნება 60%-ს აიღებს. თუმცა დეპუტატი ამბობს, რომ ალბათ 80% შესაძლებელია, 95% და 100% .
„თქვენ ხომ საერთოდ არავინ გჭირდებათ და აიღეთ პირდაპირ 100%, დარჩით მარტო და მოუსმინეთ ერთმანეთს“,-განაცხადა ინაშვილმა.
გუშინ, 28 ოქტომბერს მმართველი გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქართულ ოცნებას კოალიციის შექმნა არ დასჭირდება.